„გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალას "სიცოცხლე მინდა _ მინდა მესამე შვილის დაბადება ვნახო" _ 32 წლის ახალგაზრდას დახმარება სჭირდება გამოხმაურება უკვე მოჰყვა.
ჩოხატაურის კულტურის ცენტრის გადაწყვეტილებით, ბავშვთა როკ ჯგუფის „GURIAN NICE KIDS“ მიერ შეგროვებული თანხიდან 1000 ლარი უკვე გადაირიცხა გიას ანგარიშზე:
_ როგორც ცნობილია, ბავშვები ევროპაში უნდა წასულიყვნენ, თუმცა ვიზები ვერ მიიღეს. წასასვლელი ფულის ნაწილი პატარებმა საკუთარი შრომით მოაგროვეს _ ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში კონცერტები გამართეს და აღებული ფული სპეციალურ ანგარიშზე შეიტანეს.
მას შემდეგ, რაც გია ბერძენიშვილის შესახებ ინფორმაცია გურია ნიუსის ვებგვერდზე წავიკითხეთ, კულტურის ცენტრმა, ბავშვებთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონცერტებიდან შემოსული თანხა, გიასთვის გადარიცხულიყო, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კულტურის ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სოფო ტუღუშმა.
გიას შესახებ გამოქვეყნებულ მასალას „ლიბერთი ბანკიც“ გამოეხმაურა და მის ანგარიშზე 500 ლარი უკვე ჩარიცხა.
„გურია ნიუსის“ მიერ წამოწყებულ აქციას, რომელიც გიას სიცოცხლის გადასარჩენად თანხის შეგროვებას ისახავს მიზნად, კერძო პირებიც გამოეხმაურნენ და შესაძლებლობის ფარგლებში თანხა მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს (ამ ადამიანების ვინაობას ჩვენ აქციის დასრულების შემდეგ გაგაცნობთ).
შეგახსენებთ, რომ 32 წლის გია ბერძენიშვილს დახმარება სასწრაფოდ ესაჭიროება.
გიას კარდიომეოფატია აქვს _ გულში სტიმულატორი აქვს ჩადგმული, რომელიც 5 წელიწადში ერთხელ იცვლება. მისი გამოცვლა კი საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
_ ოპერაციისთვის 19800 ლარია საჭირო, აქედან _ 15 000 ლარს ჯანდაცვის სამინისტრო მაძლევს. დარჩენილი თანხა კი არ მაქვს. ჩემი ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. მე მუშაობა არ შემიძლია, რადგან დატვირთვას გული ვერ გაუძლებს.
სიცოცხლე მინდა ჩემი ამ ქვეყნად მოვლენილი და ჯერ კიდევ მოუვლენელი შვილებისთვის, ჩემი მეუღლისთვის, მოხუცი მამისთვის, _ ამბობს გია, რომელსაც იმედი აქვს, რომ ჩვენი მკითხველები აუცილებლად დაეხმარებიან.
გიას დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მის საბანკო ანგარიშზე: ს.ს. „ლიბერთი ბანკი.
მიმღები: გია ბერძენიშვილი