"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, გუშინ, ქალაქ ოზურგეთში, ახალგაზრდა მამაკაცი რევაზ მახარაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის ამჟამად სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" იმყოფება. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რევაზ მახარაძე დაჭრის მომენტში თავის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, სწორედ სახლიდან გადაიყვანეს ის სამედიცინო ცენტრში.
38 წლის მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ფეხის არეში. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც "გურია ნიუსს" წყარომ განუცხადა, ახლობლები და სამართლადამცავები არ გამორიცხავენ ერთ ვერსიასაც, რომ რევაზ მახარაძემ შესაძლოა, თვითდაზიანება მიიყენა, რადგან სამართალდამცავებმა თავის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვიები.
შსს პრესსამსახურში აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ 117 მუხლით , რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, თუმცა პრესსამსახურის განმარტებით, მოგვიანებით შესაძლოა, აღნიშნული მუხლი გადაკვალიფიცირდეს კიდეც.
რევაზ მახარაძე ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. დაახლოებული პირია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებთან.
"გურია ნიუსი" აღნიშნული პიროვნების შესახებ ერთხელ წერდა კიდეც, როცა ზაზა მალაზონიამ 2013 წლის 3 მაისს ქალაქ ოზურგეთში, აკაკი ბაქრაძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით რევაზ მახარაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებამ მაშინ დაადგინა, რომ ბრალდებულმა წარსულში ოზურგეთის პურის ქარხნიდან დანის მუქარით 600 ლარი გაიტაცა.
"გურია ნიუსი" აღნიშნულ თემაზე მუშაობს და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე: