საქართველოს კულტურის დამსახურებულ მუშაკს, იური ჯიჯიეშვილს "გურულ ლუი დე ფიუნესს" და ადამიანს-პოზიტივს ეძახიან. ბოლო დროს, მსახიობი ნაკლებად როგორც საზოგადოებაში, ასევე, სპექტაკლებში.
"გურია ნიუსი" სახლში ესტუმრა "გურულ ლუი დე ფიუნესს".
"ნამდვილად არ გელოდებოდით. ძალიან გამიხარდა, რომ მოხვედით და არ მითხრათ ახლა რომ დაგაკლდით თვალში?! მალე მიხილავთ სცენაზე და იცოდეთ აუცილებლად დაესწარით სპექტაკლებს", _ გვითხრა იური ჯიჯიეშვილმა.
75 წლის მსახიობის უამრავი როლი აქვს თეატრის სცენაზე ნათამაშები და ათამდე როლი შესრულებული ქართულ კინოში.
"აქტიური ცხოვრებიდან ჩამოშორება დიდი ტკივილი ყოფილა. ახლა უკეთესად ვარ. მხედველობასთან მაქვს პრობლემები, მაგრამ ყველაფერი კარგად არის. 2015 წლის სექტემბრის შემდეგ თეატრში არ ვყოფილვარ და ყოველთვის მესიზმრება. ვერ ვეგუები სახლში ყოფნას.
ცხოვრება რა ყოფილა?! ყოველდღე დავდიოდი თეატრში, ხალხს ვესალმებოდი, ახალ ამბებს ვუყვებოდით ერთმანეთს, შემდეგ კი რეპეტიციაზე დავდიოდი. ივნისში კი ვხვდები 76 წლის, მაგრამ მაინც პატარა ბავშვი მგონია ჩემი თავი. ახლა უფრო მეტი დრო მაქვს შვილიშვილებთან ურთიერთობის და მათ ვუთმობ ჩემს დროს", _ თქვა ჩვენთან საუბრისას მსახიობმა.
ოცნებობს, რომ დროულად დაუბრუნდეს ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრის დასს.
" თუ კი შევძლებ, აუცილებლად მინდა, რომ დავბრუნდე სცენაზე. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე იმყოფებოდა ჩემთან და საიუბილეო წელთან დაკავშირებით არის მოლაპარაკებები. ყველა მაქცევს ყურადღებას და ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ადამიანებს ცხოვრების დროს უნდა ვცეთ პატივი. მინდა გითხრათ, რომ გავუცვალოთ ერთმანეთს პოზიტივი და გვიყვარდეს ერთმანეთი. მთავარია ჯანმრთელად ვიყო, თორემ სცენაზე გამოსვლის არ მეშინია. ყველაზე მეტად კიდევ ჩემი მაყურებელი მენატრება. კიდევ რისი თქმა მინდა იცით, ახალგაზრდებს მინდა მივმართო, რომ აუცილებლად დაესწრონ სპექტაკლებს, უყურონ ფილმებს და იკითხონ წიგნები", _ გვითხრა მსახიობმა.
ჯიჯიეშვილის პირველი სპექტაკლი თეატრის სცენაზე "სამანიშვილის დედინაცვალი" იყო, სადაც ვარლამის როლი ითამაშა.
"წარმატებული აღმოჩნდა ეს როლი ჩემს ცხოვრებაში, რადგან ამის შემდეგ კინოში გადამიღეს. მოკლედ ვიყავი ასე ხან კინოში და ხან თეატრში. უფრო მეტად თეატრის მსახიობი ვარ და ის კედლები ყველაზე მეტად მიყვარს, სადაც თითქმის მთელი ცხოვრება გავატარე. სულ სახელოვან მსახიობებთან მიწევდა თამაში. მაგალითად, რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად ვითამაშე და ეს ჩემთვის იყო მერვე საოცრება", _ აღნიშნა ჯიჯიეშვილმა ჩვენთან საუბრისას.
ამავე თემაზე: