საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და ძალისხმევით მიმდინარე წლის 6-7 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟზე, მასშტაბური სპორტული ღონისძიება ექსტრემალური კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატი-"BZHUZHA RACE" ჩატარდება, რომელსაც ორგანიზებას გურიის სამხარეო ადმინისტრაცია გაუწევს.
ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 11 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, რუსეთი, ლატვია, პოლონეთი, სლოვენია, ესტონეთი, საფრანგეთი, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია) წარმომადგენელი 42 სპორტსმენი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის ექსტრემალური შეჯიბრი საქართველოში არ ჩატარებულა. ფედერაციის პარტნიორები და თანაორგანიზატორები არიან მსოფლიოს გამოჩენილი კაიაკერების ჯგუფი, რომლებიც რანგით მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში შედიან და წარმოადგენენ Adidas Outdoor – ის გუნდს, რაც აღნიშნულ ღონისძიებას სტატუსსა და მსოფლიოს მასშტაბით ცნობადობას მატებს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაგეგმილი ღონისძიება მხარის ცნობადობასა და გურიის ტურისტული პოტენციალის ამაღლების საკითხზე საკმაოდ დადებითად იმოქმედებს. ასევე, ხელს შეუწყობს სამომავლოდ მდინარე ბჟუჟზე სანიჩბოსნო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და თავად მდინარის ეკოლოგიის გაუმჯობესებას.