მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის მიერ ორგანიზებული მეხუთე საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა.
გამოფენას გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
გამოფენაზე გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტის მხატვრების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ექსპოზიცია ჟანრობრივად მრავალფეროვანი გახლდათ და ფერწერულ, გრაფიკულ, გუაშსა და ფანქარში შესრულებულ საინტერესო ექსპოზიციებს მოიცავდა.
"ქალაქ ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრი ტრადიციულად აგრძელებს ჩვენთვის ნიჭიერი ხელოვანების გაცნობას და საინტერესო ექსპოზიციებით გვანებივრებს. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქალაქსა და ზოგადად, გურიაში ასეთი მხატვრები მოღვაწეობენ. გილოცავთ დღევანდელ დღეს და შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ", _ განაცხადა ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ.
ექსპოზიციის ხილვის შესაძლებლობა ოზურგეთელებს მაისის დასაწყისამდე ექნებათ.
(R)