სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს ნიკოლას ბერლინერსა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამების ხელმძღვანელს ტრეისი ნევილს უმასპინძლა.
შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშში მოყვანილი ის ფაქტები განიხილეს, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემას შეეხება. მინისტრის თქმით, ხარვეზების უმრავლესობა, რომელიც აღნიშნულია დოკუმენტში, უკვე აღმოფხრილია. კახა კახიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდროდ ითანამშრომლოს და მომავალი ანგარიშების მომზადების პროცესში დაინტერსებულ საკითხებთან დაკავშირებით ამერიკულ მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს. ელჩის მოადგილის განცხადებით, ფაქტობრივი უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში, ანგარიშში შესწორებები შევა.
გარდა ამისა, შეხვედრაზე სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს. მათ შორის, აღინიშნა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის, მსჯავრდებულთა დასაქმების, მიმდინარე სარეაბილიტაციო პროგრამების საკითხები.
„ვისაუბრეთ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშზე, დეტალურად განვიხილეთ საქართველოს პენიტენციური სისტემის შესახებ დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები. ასევე, შევთანხმდით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ინფორმაციის ურთიერთგაცვლაზე, რათა არ დარჩეს კითხვის ნიშნები,“-განაცხადა კახა კახიშვილმა.
აშშ-ის ელჩის მოადგილემ ნიკოლას ბერლინერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე მზად არის საქართველოს კვლავ გაუწიოს დახმარება პენიტენციურ სისტემაში დაგეგმილი რეფორმების განსახორციელებლად.
„ვცდილობთ ხელი შევუწყოთ საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს და მინისტრს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებასა და პენიტენციური სისტემის გაუმჯობესებაში, რადგან ამ სამინისტროს ძალზე მნიშვნელოვანი მისია აკისრია. გვახარებს, სასჯელაღსრულების სისტემის გაუმჯობესებასა და რეფორმირებაში გარკვეული წვლილის შეტანა შეგვიძლია,“ – განაცხადა ნიკოლას ბერლინერმა.
მხარეებმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლების ვიზიტზეც იმსჯელეს, რომელიც მომდევნო კვირაში იგეგმება.
(R)