ქალაქ ოზურგეთში, ქუთაისის ქუჩაზე მცხოვრები სიმზარ ჭანტურია ადგილობრივ ხელისუფლებას საჩქაროდ თხოვს დახმარებას.
"ჩემი ერთი შვილი სამხედრო მოსამსახურეა, მეორე კოლეჯში სწავლობს, დედა მძიმე ავადმყოფია და ლოგინში წევს. არა ერთხელ დავწერე განცხადება ქალაქის მერის სახელზე, მაგრამ, ჯერჯერობით, რეაგირება არ მოჰყოლია _ ვითხოვ სახლზე სახურავის შეცვლისთვის საჭირო მასალას. მოვიდნენ ჩემი ახლობლები და შეძლებისდაგვარად, დროებით შევაკეთეთ. ყოველ ქარსა და წვიმაში საშინელ მდგომარეობაში ვართ _ ყველგან "ტაშტები" მიდგას. როდის ჩამომენგრევა თავზე სახურავი, არ ვიცი. ხშირად დავდივარ ქალაქის ხელისუფლებასთან, მაგრამ ამ დრომდე ვერ მოხერხდა ჩემი დახმარება", _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს სიმზარ ჭანტურია.
მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა პროექტით დაეხმარა, მაგრამ ახლა მათ სახლში წვიმის დროს ისე წვიმს, როგორც გარეთ: "მერიაში მითხრეს, მონაცემთა ბაზაში ხარ დარეგისტრირებულიო, მაგრამ, სანამდე უნდა მოვიცადო? მეზობლები მეუბნებიან, მიდი მერიაში და არ წამოხვიდე, სანამდე ეს პრობლემა არ გადაიჭრებაო. რომ დავჯდე იქ, რა აზრი აქვს? სურსათით დამეხმარა ქალაქ ოზურგეთის მერია, ამას ყველგან ვამბობ, მაგრამ ახლა სახურავის მასალა მჭირდება აუცილებლად", _ გვითხრა ჭანტურიამ.
"სიმზარ ჭანტურიას პრობლემის შესახებ ქალაქის მერია ინფორმაციას ფლობს და მერიის სოციალური განყოფილებიდან მას არაერთხელ გაეწია დახმარება. რაც შეეხება მის მოთხოვნას სახლის გადახურვის თაობაზე, ეს, ამ ეტაპზე, ვერ ხერხდება. ქალაქის მერიის პრიორიტეტი მრავალბინიანი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია გახლავთ და ინდივიდუალური გადახურვისთვის საკმარისი თანხები ამ ეტაპზე მერიას არ გააჩნია", _ ამბობენ "გურია ნიუსთან" საუბრისას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.
მათივე მიერ მოწოდებული ინფორმაციით, "სიმზარ ჭანტურიას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 2015 წლიდან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, აქტიურად უწევს ფულად დახმარებას: 2015 წელს მან 200 ლარი მიიღო მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ მოქალაქეთა დახმარების პროგრამიდან; 150 ლარი _ ქალაქის მერიის სარეზერვო ფონდიდან. ასევე, მერიამ დაფარა მეუღლის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯები. 2016 წელი მიიღო 150 ლარი შეჭირვებულ მოქალაქეთა დახმარების პროგრამიდან. იგი, ასევე, არის მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარი; დამატებით ახალ წელს მიიღო საკვები პროდუქტების სასაჩუქრე პაკეტი.
გარდა ამისა, თუ ჭანტურია ქალაქის მერიას განცხადებით მომართავს და ელექტროენერგიის გადახდის ბოლო ქვითარს წარმოადგენს, რომელიც მის სახელზე იქნება რეგისტრირებული, ის მიიღებს ასლარიან ვაუჩერს ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარად", _ გვითხრეს მერიაში.