ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაია ღლონტის პროექტის "კარცერ ლუქსის" პრეზენტაცია წარმოადგინეს, სადაც გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებაზე ისაუბრეს და კონკრეტულად ერთი, "ავტობიოგრაფიული რომანი" განიხილეს. გააანალიზეს ციტატები, ასევე სლაიდებით აჩვენეს მწერლის ავტობიგრაფიული სურათები. ვიდეომასალის მეშვეობით მწერლისგან მოისმინეს აფორიზმად ქცეული მისივე ფრაზა: "ხელოვნების ყოველი ნანარმოების წაკითხვის შემდეგ ადამიანი უნდა გახდეს უკეთესი".
მოსწავლეებმა დასვეს კითხვები, გამოთქვეს საკუთარი თვალსაზრისი გურამ დოჩანაშვილის, როგორც პიროვნების და მწერლის, მსგავსების თუ განსხვავებულობის შესახებ თავისი ნაწარმოებების პერსონაჟებთან.
"გურამ დოჩანაშვილი ცნობილია, როგორ თავმდაბალი და წრფელი პიროვნება და ეს თვისებები მის გამოხედვასა და შემოქმედებაშიც იგრძნობა,"- თქვა გუნდის კაპიტანმა გიორგი დუნდუამ. მაყურებლის პოზიციაზე მყოფმა მოსწავლემ ნიკოლოზ შაფაქიძემ ამ შეფასებას საკუთარი მოსაზრება შეაგება:
"ეს თავმდაბლობაზე შეფასება ძალიან ხომ არ ეწინააღმდეგება მწერლის რომანს: "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", რომლის შინაარსიც ავტობიოგრაფიულია და პერსონაჟი სულაც არ არის თავმდაბალი?"
მეცხრეკლასელებმა ასევე წარმოადგინეს სკოლის ყოფილი დირექტორის და ამჯერად ოზურგეთის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მარინა ჯაფარიძის ინტერვიუ. ის პირადად იცნობს მწერალს და გაიხსენა არაერთი ეპიზოდი ურთიერთობიდან.
ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში მოსწავლეები და პედაგოგები, ღონისძიების ავტორები შედიოდნენ, შეაფასა ქულებით, – შემოქმედებითი უნარის, საუბრის, თვალსაჩინოებების გამოყენების თუ აუდიტორიასთან კონტაქტის მიხედვით.
პროექტის ხელმძღვანელმა, ქათული ენისა და ლიტერატურის მაწავლებელმა მაია ღლონტმა განმარტა, რომ პროექტი გრძელდება, ბავშვები წარმოადგენენ ანალოგიურ ღონისძიებებს სხვა მწერლების შემოქმედებაზე, საბოლოოდ კი გამოვლინდება გამარჯვებული.
"მე ბედნიერი ვარ, რომ ვმუშაობ სკოლის დირექტორად, სადაც უნიჭიერესი მასწავლებლები მუშაობენ. მსგავსი პროექტი ჰქონდა პედაგოგ ნინო ბილიხოძესაც, – "წაიკითხე, წამაკითხე", რომლის მიზანი მოსწავლეებში წიგნიერების კულტურის ამაღლებაა. ჩვენ ამაზე დიდ საქმეს ვერაფერს გავაკეთებთ, " _ გვითხრა მან.