გუშინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულებისა და აუდიტის დასკვნის საჯარო განხილვა საკმაოდ მწვავე დებატებით აღინიშნა. ოპოზიციამ შ.პ.ს "fin. Exp.corporation"-ის მიერ მომზადებული აუდიტორულ დასკვნის საფუძველზე მოითხოვა, რომ გამგეობის მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეფასდეს, რამეთუ დასკვნაში საკმაოდ ბევრ ფინანსურ გადაცდომაზეა საუბარი
საინტერესოა, რომ აუდიტის ამ დასკვნას არ ეთანხმება მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე, რომელიც გარკვეულ უზუსტობაზე ამახვილებს ყურადღებას.
"მე არ ვცნობ წარმოდგენილ აუდიტორულ აქტს. ამის შესახებ უკვე მივწერე აღნიშნულ ფირმას, რომ შესაბამისი დასკვნა დაიდოს, სადაც დასაბუთებული იქნება ყველა დეტალი. განმარტებებს კი კომპეტენტური დასკვნის წარმოდგენის შემდეგ გავაკეთებ," -ასეთი განაცხადი გააკეთა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.
მანვე ეს დასკვნა ზერელედ გაკეთებულად ჩათვალა და შიდა აუდიტის მონაცემების კოპირება უწოდა. საგულისხმოა, რომ ურუშაძემ ისიც გაიკვირვა თუ ვინ გაუფორმა ამ ფირმას ხელშეკრულება და შემსრულებელს თანხის არგაცემითაც დაემუქრა. თუმცა ჩვენი ინფორმაციით შესრულებული სამუშაოსათვის კუთვნილი თანხა ამ აუდიტორულ ფირმას ბიუჯეტიდან უკვე მიღებული აქვს და კიდევ რა თანხების გაცემაზე საუბრობს განხილვისას დარბაზის დემონსტრაციულად დამტოვები გამგებელი, ეს ცოტა არ იყოს გაუგებარია.
აუდიტის დასკვნაში ეს გაუგებრობა გამოიწვია ბევრმა ფაქტორმა, მათ შორის კი სარეკომენდაციო ნაწილის მუხლმა, სადაც წერია:
1. 2015 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ბის საქმიანობაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მეტი ჩართულობა, ვინაიდან იგი შეიცავს კანონსაწინააღმდეგო ფინანსურ ოპერაციებს;
2. მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვისა და ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოების სისწორეს;
3. საჭიროა დროულად დასრულდეს საინვენტარიზაციო კომისიის სამუშაო, რათა სწორად განისაზღვროს მატერიალური აქტივების რაოდენობა და ღირებულება.
ვინაიდან წარმოდგენილი ფინანსური ინფორმაცია შეიცავს არსებით უზუსტობებს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სისწორეზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოების შესახებ შეიძლება გავცეთ პირობითი აუდიტორული დასკვნა, სარეკომენდაციო ნაწილის მუხლში ასახული ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით.
"გამგებლის ბრალდებებისა და შენიშვნების თაობაზე კომენტარი თავად შ.პ.ს "fin. Exp.corporation"-ის მთავარ სპეციალისტს, ავთანდილ ბლაგიძეს ვთხოვეთ, რომელიც გამგებლის ამ პოზიციას არ იზიარებს."„რა დასკვნას არ ცნობს, ან რატომ არ ცნობს? ყველაფერი წესითა და რიგით არის გაკეთებული, მათი ნებაა არცნობა, რა უნდა გითხრათ. რას ნიშნავს ზერელედაა გაკეთებულიო, რა საბუთებიც მოგვაწოდეს, იმის მიხედვით გაკეთდა ყველაფერი და რასაც თვლის გამგებელი, ეს მასე არაა," – გვითხრა ბლაგიძემ, რომელმაც დასძინა, რომ აუდიტორული დასკვნის შესაძლო ცვლილებაზე კომენტარს არ გააკეთებს.