ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედია ფრაქციის "ლანჩხუთი-ევროატლანტიკური მომავლისთვის" წევრები გამგებლის ზაზა ურუშაძის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ და საამისოდ სხვადასხვა პარტიების ადგილობრივ ორგანიზაციების კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებენ. ფრაქციის წევრთა თქმით, მათ ამის სრულ საფუძველს აუდიტის დასკვნა აძლევს.
"ფინანსური დარღვევები, რაზეც აუდიტის დასკვნაშია საუბარი, შემდგომ შესწავლას აღარ საჭიროებს და ვფიქრობთ, გასულ წელს გამგეობის მუშაობის დადებითად შეფასება, საკრებულოს 31 დეპუტატის დანაშაული იქნება. ის, რაც ხდება და რაზეც ვდასკვნაშია საუბარი პირდაპირ კავშირშია მუნიციპალიტეტის პირველ პირთან, ზაზა ურუშაძესთან, რომელსაც თაროზე, რეაგირების გარეშე აქვს შემოდებული შიდა აუდიტის დასკვნები. რომ არა სოციალურ ქსელში ჩვენს მიერ ატეხილი აჟიოტაჟი, ამასაც იგივე ბედი ელოდა.
ის, რაზეც დასკვნაშია საუბარი, უცებ ციდან არ მოსულა. ეს არის იმ არასწორი მართვის შედეგი, რომელსაც ზაზა ურუშაძე ამ წლების განმავლობაში ახორციელებს. ის არ აპირებდა არც ერთი თეთრის გადახდას უკანონოდ გათავისუფლებული მწვრთნელებისთვის, მაგრამ მოუწია. ასევე ოთხი სასამართლო პროცესი წააგო წინა საკრებულოს წევრებთან და მათთვისაც მოუწევს ვალის გასტუმრება და ასე შემდეგ არაერთი ფაქტის მოყვანა შეგვიძლია. მის მიერვე დაქირავებულმა აუდიტმა ზაზა ურუშაძე იმ სარკეში ჩაახედა, რომელშიც ოთხი წელია უშედეგოდ ვცდილობთ ჩავახედოთ და ნათლად დაანახა საკუთარი თავი. რამდენიც არ უნდა გაემიჯნოს ურუშაძე ამ დასკვნას, რაც შიგ წერია ფაქტია.
მიგვაჩნია, რომ დროა დაისვას გამგებლის პასუხისმგებლობის საკითხი. როგორც წესი და რიგია, ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა მივმართოთ, ერთობლივად განვიხილოთ ეს აუდიტის დასკვნა და სათანადო პროცედურების შემდეგ გამგებელს უნდობლობა გამოვუცხადოთ. ჩვენ უნდა შევძლოთ და თითოეულ მოსახლემდე მივიტანოთ, თუ რა წერია ამ აუდიტის დასკვნაში."-ამბობენ ფრაქციის წევრები.
ამავე თემაზე: