ბევრი ადამიანი სააღდგომო კვერცხის შეღებვას ბუნებრივი საშუალებებით ამჯობინებს. ყველაზე კარგი მცენარე საამისოდ, როგორც ვიცით, ძველთაგანვე არის ენდრო.
ორი დღით ადრე ენდრო წვრილად დავაქუცმაცოთ, დავამატოთ ხახვის ფურცლები, დავასხათ ანადუღარი ორი ლიტრი წყალი, ერთხელ წამოვადუღოთ და დავდგათ დილიდან დილამდე. შემდეგ ეს მასა გავწუროთ, დაქუცმაცებული ნაწილი ჩავყაროთ ორმაგი მარლის ტომსიკაში და ჩავდოთ ან ჩავკიდოთ იმ ქვაბში, რომელშიც კვერცხს ვხარშავთ. აქვე ჩავასხათ გამონაწური წყალიც. ვუყოთ ცოტა ძმარი და მარილი. მოვურიოთ, გადნეს. მერე ჩავალაგოთ კვერცხი და შევავსოთ წყლით ისე, რომ კარგად დაიფაროს. ვადუღოთ ერთი საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კვერცხი დასკდება. ასევე მარილი ბლომად არ მოგივიდეთ, თორემ კვერცხი თეთრი ნაფიფქით დაიფარება.
მოხარშული კვერცხი ამოალაგეთ ბადე-კოვზით და ცხრილზე დაალაგეთ. შემდეგ გადაიტანეთ სხვა თასზე და გააპრიალეთ ზეთში დასველებული მარლით.