დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
პირველი საკითხის ირგვლივ, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ დამტკიცებას შეეხებოდა, აგრარულ საკითხთა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარემ დავით ჭაკნელიძემ ისაუბრა და დააკონკრეტა, რომ ნორმატიული ფასი იგივე რჩება, რაც იყო 2015 წელს.
"არ იქნება არანაირი ცვლილება, ფასი იგივე რჩება, თუმცა საკითხის გამოტანა მოხდა ინფორმირებულობის მიზნით," _ გამომსვლელის პარალელურად განმარტა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძემაც, რასაც დეპუტატებმა მხარი თავშეკავების გარეშე დაუჭირეს და დადგენილება დაამტკიცეს.
მეორე საკითხზე: "ოზურგეთს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის 1 კვარტლის გეგმის შესრულების მიმოხილვის შესახებ", საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა ისაუბრა.
"საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური პირველი კვარტლის შემოსავლებით განებივრებული არ არის, შედეგები არასახარბიელოა, შესრულების მაჩვენებელია 14 % , რაც დაბალია, თუმცა მეორე კვარტლის დასაწყისში იმატა შემოსულობებმა და გამოჩნდა პერსპექტივა. ანგარიშში წარმოდგენილი მაქვს ცვლილებები. შემოსავლების ნაწილში საკუთარი შემოსავლები 15400 ლარით გაიზარდა," _ თქვა გია მამაკაიშვილმა. დეპუტატებიც დაკმაყოფილდნენ მიმოხილვით და კონკრეტულად, რატომ არის პირველი კვარტლის შედეგები არასახარბიელო, კითხვა არავის დაუსვამს. ალბათ, იმიტომ, რომ მამაკაიშვილმა აქცენტი პერსპექტიულ მეორე კვარტალზე გააკეთა.
ისევე, როგორც პირველი, მესამე საკითხის ირგვლივაც, დავით ჭაკნელიძემ ისაუბრა. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, მან მოკლედ ისაუბრა და განკარგულებაც შენიშვნების გარეშე მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში მუნიციპალიტეტის სოფლებში (ჭანიეთში, ნატანებში, შეკვეთილში, დვაბზუში, გურიანთაში, ჯუმათში და სხვა) 16 საპრივატიზაციო ობიექტია შეტანილი, არასასოფლო თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რომელზეც ზოგან მოსახლეობას აქვს პრეტენზია. (ამ თემაზე "გურია ნიუსი" სხვა წერილში ისაუბრებს).
დღის წესრიგის მეოთხე საკითხს, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სერვიტუტით გამოყენებაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ, განკარგულების მიღებას ეხებოდა, დავით ჭაკნელიძემ და დიმიტრი კვერღელიძემ ისაუბრეს. მათ განმარტეს, რომ დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქე ქეთევან აფხაიძე, რომელიც მიწის მესაკუთრეა, ითხოვს თავის ნაკვეთთან მისასვლელი გზისთვის 190 კვ.მეტრ მიწის ფართს, სერვიტუტის უფლებით.
დიმიტრი კვერღელიძემ განმარტა, რომ მოქალაქეს არ უნდა შეექმნას პრობლემა.
"თუმცა მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქვს პროცედურები – საკითხი ჯერ კომისიამ, მერე საკრებულომ და ბოლოს ფრაქციებმა უნდა განიხილოს. არსებობს იჯარის ფორმა და გამგებელს უნდა ვთხოვოთ, გაითვალისწინოს ყოველივე "_ თქვა მან, რის შემდეგაც განკარგულების მიღება დეპუტატთა კენჭისყრით დადებითად გადაწყდა.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს ეს სხდომაც ონლაინ რეჟიმში გადაიცემოდა, თუმცა კვლავ ტექნიკური ხარვეზებით. დიმიტრი კვერღელიძემ განმარტა, რომ ხარვეზები დაბალი ინტერნეტსიხშირის გამო ხდება და ახლო მომავალში, როცა ინტერნეტით სრული დაფარვა მოხდება, ხარისხი მოიმატებს. მთავარი ისაა, რომ ხალხს ვუსმენთ და გვისმენს, – თქვა მან.