ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟზე, ორი დღის განმავლობაში ექსტრემალური კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატი – "BZHUZHA RACE" მიმდინარეობდა. შეჯიბრში მონაწილე სპორტსმენები მდინარე ბჟუჟზე ნავებით დაშვებას ახორციელებდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის ექსტრემალური შეჯიბრი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ფედერაციის პარტნიორები და თანაორგანიზატორები მსოფლიოს გამოჩენილი კაიაკერების ჯგუფი არიან, რომლებიც რანგით მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში შედიან და წარმოადგენენ Adidas Outdoor- ის გუნდს, რაც აღნიშნულ ღონისძიებას სტატუსსა და მსოფლიოს მასშტაბით ცნობადობას მატებს.
საპრიზო ადგილებზე გასული ჩემპიონატის მონაწილეები, გურიის გუბერნატორის მოადგილემ სოსო ერქომაიშვილმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და ქალაქ ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ბესიკ მელუამ სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს. პირველ ადგილზე მამაკაცებს შორის, რუსი იგორ ვოსკობოინიკოვი, ხოლო ქალებს შორის უკრაინელი ალიონა ბუსლაევა გავიდა.
ჩემპიონატი შემოქმედში საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით ჩატარდა, რომელსაც ორგანიზება გურიის სამხარეო ადმინისტრაციამ გაუწია. ღონისძიების მხარდამჭერები კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია იყვნენ.
შეჯიბრში 11 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, რუსეთი, ლატვია, პოლონეთი, სლოვენია, ესტონეთი, საფრანგეთი, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია) წარმომადგენელი, 70- მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.