ლანჩხუთი
ცხრა მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, ლანჩხუთში, სტალინის ბიუსტთან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები შეიკრიბნენ, რომელთაც დღესასწაული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. ასევე, სოფელ ჩიბათში გვირგვინით შეამკეს შინმოუსვლელთა მემორიალი.
ლანჩხუთში მეორე მსოფლიო ომის სულ15 ვეტერანი ცხოვრობს, რომელთაც დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად 200-200 ლარი გადაეცათ, ხოლო პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილისგან პირად ანგარიშზე თითოეულს 600 ლარი დაერიცხათ. ვეტერანების პატივსაცემად კულტურის სახლში კონცერტი გაიმართა, რის შემდეგაც მათ საზეიმო ვახშმით გაუმასპინძლდნენ.
სამწუხაროდ, წლევანდელ 9 მაისს ლანჩხუთელ ვეტერანთა რიგებს კიდევ ერთი ომის ვეტერანი გამოაკლდა _ გარდაიცვალა ომის ერთ-ერთი მონაწილე _ ქალბატონი ნადია ცინცაძე-შევარდნაძე.
ჩოხატაური
9 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. სამამულო ომის ვეტერანებმა, მხარისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ჯერ სტალინის ბიუსტი შეამკეს ყვავილებით, შემდეგ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადაინაცვლეს და შეკრებილ საზოგადოებას ომის წლებზე და საკუთარ საომარ თავგადასავალზე ვრცლად უამბეს.
_ სასწავლებელი დავამთავრე, სკოლაში პედაგოგადაც ვმუშაობდი, თუმცა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი მოსაგონარი ომის წლებია _ 3 წელი და 7 თვე. იქ ძალიან დიდი დაფასება მქონდა. უჩემოდ ხაზი ვერ აღდგებოდა _ ბოძზე მე უნდა გავსულიყავი, ხეზე მე უნდა გავსულიყავი, ყველაფერი მე უნდა გამეკეთებინა. მოსკოველი გოგოები ჩემთვის თავს დებდნენ, _ ასე გაიხსენა ომის პერიოდი ჩვენთან საუბრისას ლუბა სიხარულიძემ.
სამამულო ომის ვეტერანებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების დღე ფულადი ჯილდოთი მიულოცა.
დღის ბოლოს, ომის ვეტერანებს, ბიზნესმენმა ალეკო თავაძემ საბანკეტო სუფრაზე უმასპინძლა, რომელიც რამდენიმე წელია ტრადიციას არ არღვევს და ჩოხატაურელ ვეტერანებს ყოველ 9 მაისს საჩუქრებით ანებივრებს.