პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე აშშ-ის კონგრესში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ტედ პოს მიერ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერ განცხადებას ეხმაურება. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, კონგრესმენი პო საქართველოს დიდი ხნის მეგობარია, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან, ხოლო აშშ-ის კონგრესში მის მიერ გაკეთებული განცხადება მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია.
"მინდა ყურადღება გავამახვილო კონგრესში მისი გამოსვლიდან ორ საკითხზე: პირველი, ბატონი პო საქართველოს მიმართ სოლიდარობას გამოხატავს იმის გათვალისწინებით, რომ აშშ ტრადიციულად მთელ მსოფლიოში დემოკრატიისთვის გეზის მიმცემია. ამასთან, კონგრესმენი პო შეგვახსენებს ჯონ ფიცჯერალდ კენედის სიტყვებს, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-მ "უნდა გადაიხადოს ნებისმიერი საფასური, გაწიოს ნებისმიერი ტვირთი, დაძლიოს ნებისმიერი სირთულე, მხარი დაუჭიროს ყველა მეგობარს და გაუმკლავდეს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს იმისთვის, რომ თავისუფლების წარმატება მუდმივად გარანტირებული იყოს".
მეორე, უნდა აღინიშნოს, რომ კონგრესმენ პოს სწორედ დემოკრატი პრეზიდენტის სიტყვებიდან მოჰყავს ციტატა და ამით იმ პრინციპების ტრადიციას განაგრძობს, რომელიც ღრმად ამერიკულია და პარტიულობას სცდება. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი საქართველოსთვის, რომელიც როგორც კონგრესმენი პო აღნიშნავს, არა მხოლოდ დასავლურ ღირებულებებს იზიარებს, არამედ ყველა დროის დასავლურ პოლიტიკურ ტრადიციებსაც. დღეს, ნებისმიერს შეუძლია აღნიშნოს, რომ დემოკრატიული განვითარების საყოველთაო ჭეშმარიტება აღიარებულია არა მარტო ვაშინგტონში და ბრიუსელში, არამედ საქართველოშიც."– აცხადებს ჯაფარიძე.
მისივე თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებები ქართული საზოგადოების ერთიანობის სათავეა და ეს რაიმე განხილვის საგნად არ უნდა იქცეს.