BBC-ის ინფორმაციით, სამი დათვის ბელი, რომლებიც გასული წლის ივნისში მომხდარი სტიქიის შედეგად თბილისის ზოოპარკიდან სხვა ცხოველებთან ერთად გაიქცნენ, თავშესაფარი ჩრდილოეთ საბერძნეთის ველურ ნაკრძალში მისცეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, საბერძნეთში საჰაერო გზით გადაყვანამდე ისინი ქალაქის ძაღლთა თავშესაფარში ცხოვრობდნენ.
როგორც ცნობილია, სამ დათვის ბელს დედა არ ყავდათ და ქალაქის ქუჩებში დახეტიალობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ბელები ნაგვის ურნაში იპოვეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ყავისფერი დათვი საქართველოში გადაშენების პირასაა, რის გამოც მათი ტრანსპორტირება საბერძნეთში მოხდა.
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად "გურია ნიუსი" თბილისის ზოოპარკს დაუკავშირდა.
როგორც ზოოპარკში აცხადებენ, აღნიშნული დათვის ბელები სტიქიის დროს ზოოპარკიდან არ გაქცეულან და ისინი მუნიციპალურ თავშესაფარს მოქალაქეებმა ჩააბარეს.
"წყალდიდობის შედეგად თბილისის ზოოპარკის სამი დათვი გადარჩა და ამჟამად სამივე ზოოპარკშია. სტიქიის შემდეგ ორი დათვი მუნიციპალურ თავშესაფარში იმყოფებოდა, ხოლო ერთი ზოოპარკში, მაგრამ შემდეგ ისინიც დავაბრუნეთ. როგორც ვიცი, მუნიციპალურ თავშესაფარს, მოქალაქემ ჩააბარა დათვის ბელები და ისინი აწარმოებდნენ უცხოელებთან მოლაპარაკებებს", _ აღნიშნეს ზოოპარკში და დასძინეს, რომ ზოოპარკში დათვებისთვის შესაბამისი ვოლიერები არ არის ამიტომ ყველას შეფარება ძალიან უჭირთ.
"მაგალითად, წელს, კვირაში ერთხელ თითო ბელი მოჰყავდათ და ფიზიკურად არ არის ამდენი ადგილი, რომ დათვები შევიფაროთ. მანამდე 16 დათვი გვყავდა შეფარებული, მაგრამ ახლა თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარსაც აღარ აქვს პირობები და ძაღლების ვოლიერებში დათვებს ვერ ათავსებენ. ამიტომ დიდი პრობლემაა,"_აღნიშნეს ზოოპარკში.
"გურია ნიუსი" მუნიციპალურ თავშესაფარსაც დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნული ბელები სტიქიის მეორე დღეს თბილისის ქუჩაში იპოვეს და შემდეგ მათთვის სასურველი პირობების არარსებობის გამო, საბერძნეთს აჩუქეს.
"ბელები სტიქიის მეორე დღეს ვიპოვეთ და მუნიციპალურ თავშესაფრში იყვნენ. ჩვენ ასევე გვყავდა დიდი დათვებიც ზოოპარკიდან, მათ შორის დათვი, რომელიც ცნობილი გაცხდა კადრით, სადაც კონდიციონერზე ზის. ორივე დათვი ზოოპარკს დავუბრუნეთ და ბელებიც შევთავაზეთ ზოოპარკს. მაგრამ დამატებით სხვა ვოლიერები სამწუხაროდ არ ჰქონდათ, ჩვენთანაც ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო დათვების გაჩერება. შესაბამისად, დათვები ვაჩუქეთ საბერძნეთს. ჩვენი ინფორმაციით, დათვები ბუნებრივ პირობებში იმყოფებიან და ძალიან ბედნიერები არიან,"_ განაცხადეს მუნიციპალურ თავშესაფარში.