EGYPTAIR-ის თვითმფრინავი, MS 804, რომელიც პარიზიდან კაიროში მიფრინავდა რადარებიდან გაუჩინარდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 56 მგზავრი, მათ შორის სამი ბავშვი, შვიდი ეკიპაჟის წევრი და სამი დაცვის თანამშრომელია.
გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრებს შორის 30 ეგვიპტის, 15 საფრანგეთის, ერთი ბრიტანეთის, ორი ერაყის და ასევე კანადის, ბელგიის, საუდის არაბეთის, ალჟირის, სუდანის, ჩადის და პორტუგალიის მოქალაქეები არიან.
მაუწყებლის ინფორმაციით, საბერძნეთის და ეგვიპტის შეიარაღებული ძალები თვითმფრინავს ეძებენ.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავმა პარიზის, შარლ დე გოლოს სახელობის აეროპორტი ადგილობრივი დროით ოთხშაბათს, 23 საათსა და 09 წუთზე დატოვა, ხოლო ეგვიპტის დედაქალაქში ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით, 03 საათსა და 15 წუთზე უნდა დაშვებულიყო, თუმცა კაიროს დროით 00 საათსა და 45 წუთზე თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ეგვიპტის შეიარაღებული ძალები გამორიცხავენ ვერსიას, რომ თვითმფრინავთან საკონტაქტო სიგნალი დაზიანდა.