"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების ოფიციალურ ვიზიტებისთვის, მხოლოდ 2016 წლის იანვრიდან აპრილამდე, საერთო ჯამში, საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან 113 404 ლარი გამოიყო.
ამის შესახებ "გურია ნიუსის" მიერ პარლამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა.
ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტების თანახმად, ყველაზე მეტი თანხა ოფიციალური ვიზიტებისთვის, დავით ბაქრაძემ დახარჯა. ბაქრაძე 2016 წელს საზღვარგარეთ 5-ჯერ იყო (2-ჯერ პარიზში, ბრიუსელში, ვენაში, სტრასბურგში) და ეს ვიზიტები ბიუჯეტიდან 23109,92 ლარით დაფინანსდა.
ასევე, 5 ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა საზღვარგარეთ გიორგი კანდელაკს, რაც ბიუჯეტს 15628,58 ლარი დაუჯდა.
12104,22 ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან გიორგი წერეთლის ვაშინგტონში, ბაქოში და ვენაში ვიზიტებისთვის.
სამჯერ იმყოფებოდა მივლინებაში ჩიორა თაქთაქიშვილი – სტრასბურგში, პარიზსა და ბრიუსელში მისი ვიზიტები ბიუჯეტიდან საერთო ჯამში 11 423.81 ლარით დაფინანსდა.
9488,53 ლარი გამოიყო მიხეილი მაჭავარიანის რიგაში და ვაშინგტონში ვიზიტებისთვის.
რაც შეეხება გიორგი ბარამიძეს, 2016 წლის იანვრდან აპრილამდე საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტით ორჯერ იმყოფებოდა – სარაევოში (ბელგრადი) და ბრიუსელში. ჯამში ვიზიტებისთვის ბიუჯეტიდან 7710 ლარი დაიხარჯა.
აკაკი ბობოხიძე მივლინებაში 3-ჯერ იმყოფებოდა და სამივეჯერ კიევში, ჯამში კი, მან 8399.23 ლარი დახარჯა.
ასევე სამჯერ იმყოფებოდა მივლინებაში (2-ჯერ ბრიუსელში და სტოკჰოლმში) უმცირესობის დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა, მან ამ ვიზიტებისთვის 6202,88 ლარი დახარჯა.
მივლინებაში იმყოფებოდა ხათუნა გოგორიშვილიც; ვაშინგტონში მისი ვიზიტისთვის ბიუჯეტიდან 7671 ლარი გამოიყო.
ორჯერ იმყოფებოდა მივლინებაში დავით დარჩიაშვილი; ბრიუსელში და სარაევოში მისი ვიზიტები 8232,22 ლარი დაჯდა.
3331,24 ლარი დაჯდა უმცირესობის დეპუტატის ტარიელ ლონდარიძის ერევანში და პრაღაში ვიზიტი. 1350 ლარი დაჯდა შუახევის მაჟორიტარი დეპუტატის ომარ მეგრელიძის მინსკში ვიზიტი. 4527 ლარი – ირმა ნადირაშვილის სტრასბურგში ვიზიტი. რაც შეეხება გიორგი ღვინიაშვილს, კიევში მისი ვიზიტი ბიუჯეტიდან 2625 ლარით დაფინანსდა.
"გურია ნიუსი" პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა მივლინებებში დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:
რა თანხები დახარჯა დავით უსუფაშვილმა საზღვარგარეთ ვიზიტებში
რა დაუჯდა ბიუჯეტს მანანა კობახიძის მივლინებები საზღვარგარეთ
53 მივლინება და დახარჯული 619 ათას ლარზე მეტი – თედო ჯაფარიძის ვიზიტები საზღვარგარეთ
რა თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან პარლამენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ვიზიტებზე