EgyptAir-ის სამგზავრო ლაინერის, "А320"-ის კატასტროფის შედეგად ვერავინ გადარჩა. ამის შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, სადაც პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-სისი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს.
ეგვიპტის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, ლაინერის ნამსხვრევები აღმოჩენილია ეგვიპტის სანაპიროებიდან 290 კილომეტრში, ქალაქ ალექსანდრიიდან ჩრდილოეთით.
ხმელთაშუა ზღვაში სამძებრო ოპერაცია გუშინდელი დღიდან მიმდინარეობდა და მასში ეგვიპტის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კვიპროსის, იტალიისა და აშშ-ის ხომალდები მონაწილეობდნენ.
თვითმფრინავი, რომელიც რეისს პარიზიდან კაიროში ასრულებდა, გუშინ, ეგვიპტის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ რადარებიდან გაქრა.
ბორტზე 66 ადამიანი – ეკიპაჟის 10 წევრი და 56 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ეგვიპტის 30, საფრანგეთის 15 და კიდევ 10 სახელმწიფოს მოქალაქე.
როგორც გუშინ ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა შარიფ ფათჰიმ განაცხადა, კატასტროფის ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო მიზეზი ტერაქტია, თუმცა ხელისუფლება სხვა ვერსიებს არ გამორიცხავს.
აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს ცნობით, პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
ამავე თემაზე: