რუსულ ინტერნეტსაიტებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მსოფლიო დონის ვარსკვლავების ადელის, რიანას და 2 Pac კონცერტების გამართვა საქართველოში, სხვადასხვა ინტერნეტსაიტების მფლობელების მიერ მომხმარებლების მოსაზიდად დადგმული ხაფანგი აღმოჩნდა: არცერთი მათგანის კონცერტების გამართვა თბილისში ოფიციალურად არ იგეგმება.
საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიზნით ახორციელებს პროექტს "Check in Georgia," რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში კონცერტებს გამართავენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, Maroon 5 და ხოსე კარერასი.
მაგრამ გარდა ამისა, ქართულ ინტერნეტსივრცეში აქტიურად ვრცელდება ამ პროექტის ფარგლებში სხვა მსოფლიო ვარსკვლავების, ადელის, რიანას, 2 Pac და რუსი მომღერლის ირინა ალეგროვას ჩამოყვანა.
დაგეგმილი ღონისძიებები არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ მაყურებლებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბევრმა უცხოელმა ამ კონცერტებზე დასასწრებად ვიზიტებიც დაგეგმა საქართველოში. მათდა სამწუხაროდ, დაანონსებული განცხადებები სიყალბე გამოდგა: არცერთი ზემოთნახსენები ვარსკვლავის კონცერტის გამართვა ამ პროგრამის ფარგლებში არ იგეგმება.
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი მომხმარებლებს მოუწოდებს, მხოლოდ მსახიობების ან სამთავრობო პროექტის "Check in Georgia"-ს ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებულ ინფორმაციას დაეყრდნონ.