20 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიადარბაზში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განცხადება მატჩის მანიპულაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გამოვლინდა.
სფფ-ის ხელმძღვანელობამ საეჭვოდ ხობის "კოლხეთისა" და ქედის "ბეთლემის" შეხვედრა მიიჩნია, რომელიც "კოლხეთის" გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. შედეგად, "ბეთლემის" 4 მოთამაშეს და მწვრთნელის ასისტენტს სამუდამოდ აეკრძალებათ ფეხბურთში მოღვაწეობა, ხოლო "ბეთლემი" მოიხსნება გათამაშებიდან, დაქვეითდება ქვედა დივიზიონში და დაეკისრება ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით.