ქალაქ ოზურგეთის N 1 საჯარო სკოლას დაარსებიდან 170 წელი შეუსრულდა. ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა, მათ შორის საზეიმო კონცერტი, რომელიც ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრში შედგა.
"დღეს ამ სცენაზე და დარბაზში არამხოლოდ პირველ სკოლელები ბრძანდებით. პირველი მხოლოდ სკოლის ნომერი არ არის, პირველი ისტორიული ფაქტის პრეცედენტის აღმნიშვნელი ნიშანია. მალაქია გურიელიდან გრიგოლ ქველად წოდებულამდე, ჯუმათის, ბახვისა და შემოქმედის სასოფლო და საეკლესიო სკოლებიდან დღემდე ეს გურიის განათლების ისტორიაა. აქედან მოყოლებული უკვე დოკუმენტებით დასტურდება საგანმანათლებლო კერის უწყვეტი ჯაჭვი გურიაში." – ასე მიესალმა სტუმრებს ქალაქ ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, მაია თავართქილაძე.
"მინდა გითხრათ, რომ 380 წლის წინ დაარსდა პირველი ქართული სკოლა და აქედან იღებს სათავეს გურიის საგანმანათლებლო ისტორია. თავს უფლებას ვაძლევ განვაცხადო: გურიის პირველი საგანმანათლებლო სკოლა დიახ, 380 წლისაა. თუმცა მანამდეც და შემდეგ სწავლისკენ მიდრეკილი გურულები განათლებას საეკლესიო სკოლებში და საოჯახო კერებში იღებდნენ. მე-19 საუკუნის დამდეგს მამია გურიელმა ოზურგეთში ყმაწვილთა სასწავლებლად სკოლა დაარსა და ეს მოხდა 170 წლის წინ." – თქვა ღონისძიებაზე ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა.
ღონისძიებას სკოლის კურსდამთავრებულები ანზორ ერქომაიშვილი, გულღია სალუქვაძე, მანუჩარ კვირკველია, არჩილ თალაკვაძე, გურიის ხელისუფლების, საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.