ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ჩატარებულ არჩევნებს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე "გურია ნიუსთან" აფასებს. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მარცხის ერთ-ერთ მიზეზად ნიუანსების გაუთვალისწინებლად თვლის.
"_ქალაქში დამაჯერებლად გაიმარჯვა ჩვენმა კანდიდატმა, რაც შეეხება დაბა ნასაკირალს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის სიცრუე, რასაც "ნაციონალები" აანონსებდნენ გაზეთებში, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებდით თავდასხმას, მანიპულირებას, თითქოს "ზონდერები" გვყავდა ჩამოყვანილი, რატომ ვიმყოფებოდი მე უბნებზე. ის კი არა პარლამენტის წევრებმა "ნაციონალური მოძრაობის" ჩვენს მომხრეებს, რომ მოუწოდებდნენ 30 მეტრით გადაწეულიყვნენ, ისინი აჭარბებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას, მანქანებითაც კი შევიდნენ უბნის ტერიტორიაზე, თითქმის ოკუპირებული ჰქონდათ მთელი პერიმეტრი და ეს შუქდებოდა ისე, რომ თითქოს ხელისუფლება ემზადებოდა რაღაცა პროვოკაციისთვის. არჩევნები ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, საინტერესოა, ახლა, რომ დაუსვათ კითხვა მათ ამის შესახებ, რატომ იტყუებოდნენ მთელი დღის განმავლობაში, მათ სატელიტ ჟურნალისტებთან და გაზეთებთან ერთად, რისი ტირაჟირებაც ხდებოდა მთელი დღე? რა უნდა ვთქვა, ერთი მოვიგეთ, ერთი წავაგეთ, აქედან გაკეთდება ანალიზი იმ მიზეზებთან დაკავშირებით, თუ რამ მიგვიყვანა ამ შედეგებამდე და აი ამის საფუძველზე ვიმოქმედებთ შემდეგ.
_ბატონო გია, თქვენი აზრით, რა არის უფრო კონკრეტულად მიზეზი წაგების, რატომ უთხრა მოსახლეობამ უარი ხელისუფლებას?
_ნიუანსებია, რომლის გათვალისწინებაც შესაძლებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ დაბა ნასაკირალში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, ალბათ, არ იყო საკმარისი ეს და საჭირო იყო უფრო მეტი აქტიური მუშაობა, თუმცა ესეც არ არის ერთგვაროვანი, ქალაქში კარგად მოვიგეთ, ასე რომ რაღაც ტენდენციებზე საუბარი ნაადრევია, ალბათ მეტი მომზადება იქნებოდა საჭირო, მე ვულოცავ ორივე გამარჯვებულ კანდიდატს.
_როგორ აპირებს ხელისუფლება ოპოზიციონერ დეპუტატთან თანამშრომლობას? განხორციელდება თუ არა ის პროექტები დაბა ნასაკირალში, რომელიც წინასაარჩევნოდ დააანონსა ხელისუფლებამ?
_თუ იმას ვარაუდობენ, რომ არ ვითანამშრომლებთ, ეს არის მათი ფანტაზიის ნაყოფი, ისინი სახელმწიფოებრივ აზროვნებას პარტიული გაგებით უდგებიან, არ იყო იქ დეპუტატი ქათამაძე თუმცა კეთდებოდა და მისი გადასაწყვეტი არ არის ის პროექტები, რომელიც დასახულია და უნდა განხორციელდეს დაბა ნასაკირალში, ეს პროექტები უკვე ჩადებულია ბიუჯეტში, ამას ვერავინ ვერ შეცვლის, უბრალოდ ნუ დაიბრალებს აწი ქათამაძე იმას, რომ ეს მისი განხორციელებული იქნება. ესენი ისედაც იბრალებდნენ ჩვენს გაკეთებულ საქმეებს, ჩვენ რა უნდა გავბრაზდეთ მოსახლეობაზე? _ არა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ოპოზიციონერ დეპუტატებთან.



































































