ირაკლი მახარაძე თავის ახალ წიგნში "გურიის რესპუბლიკა" გურულების მიერ საკუთარი საზღვრების დაცვის დაცვის შესახებ საინტერესო ისტორიას წერს:
,,გურულებს ყველა შემავალი გზა გადაკეტილი ჰქონდათ და ტერიტორიაზე უცხოს არავის უშვებდნენ, თუ არ ჰქონდა კომიტეტის მიერ დამოწმებული საშვი.
გუბერნატორს სახეზე არავინ იცნობდა, გასაგები მიზეზით მას არც საშვი ჰქონდა.
მაშინ სამტრედიიდან ლანჩხუთში ტელეფონით დაუკავშირდნენ გრიშა ურატაძეს და არსებული ამბავი მოსახსენეს.
ურატაძე ოზურგეთში კომიტეტის თავმჯდომარეს დაუკავშირდა და შეეკითხა: შემოვუშვათ გუბერნატორი? _ თავმჯდომარემ თანხმობა განუცხადა.
გუბერნატორის შესახვედრად, შეიარაღებული დაცვის თანხლებით, ეტლით თავად ურატაძე გაემგზავრა.
30 ოქტომბერს ოზურგეთის მთავარ მოედანზე სტაროსელსკი დაესწრო მანიფესტის საჯარო კითხვას და ,,ხალხს მიულოცა ახალი ცვლილებანი სახელმწიფოში.”
გუბერნატორი შეხვდა კომიტეტის წარმომადგენლებს, მოახსენა 17 ოქტომბრის მანიფესტის შესახებ და ურჩია, რომ იარაღით ბრძოლაზე ხელი აეღოთ და პარალამენტური მეთოდებით ემოქმედათ, რადგან სხვა შემთხვევაში ეს დიდ უბედურებას მოუტანდა გურიის მოსახლეობას.
მიუხედავად იმისა, რომ გურულებმა მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადეს, სტაროსელსკიმ მათზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა: ყველა ელოდა მათრახიან გუბერნატორს, სინამდვილეში კი ის აღმოჩნდა რუსი ინტელიგენტი, რომელიც მარქსის ციტატებს იყენებდა. სტაროსელსკი მივიღეთ როგორც გუბერნატორი, _ აღნიშნავდა ურატაძე,_ მაგრამ დავშორდით როგორც მეგობრებიო".