ორშაბათი, 23 მაისი, 2016 წელი
ამომავალი მზის სხივები და უფლის სადიდებელი _ კიდევ ერთი ნათელი დღე ჩემს ცხოვრებაში… ფინჯანი ყავა, ბალახზე ცვარი, სასიამოვნოდ გამეფებული სიმშვიდე და გონების სრული მობილიზება.
ჯერ კიდევ გუშინდელი დღის შთაბეჭდილებების ზეგავლენა მაქვს _ ჩვენს მუნიციპალიტეტს თავდაცვის მინისტრი, ქალბატონი თინათინი სტუმრობდა. სტუმრობის მიზეზი აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჩვენი რაიონის მკვიდრის, მერაბ ახობაძის სახელობის ცენტრალური ხიდის გახსნა გახლდათ, რაც კიდევ ერთი დასტურია სახელმწიფოებრივი მიდგომისა თითოეული გმირის სახელის უკვდავსაყოფად. თბილი და საინტერესო საუბრებით გაჯერებული შეხევედრა “ივლიტას ბიბლიოთეკაში“, დღის განმავლობაში დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობები და საკრებულოს თავმჯდომარის ბატონი ზაალ მამალაძის ღირსეული მასპინძლობა…
ფიქრებიდან ჩემი 12 წლის გიორგის გუგუნა ხმას გამოვყავარ: _ დე!!!
ჩემი სამი შვილი, სამი სიცოცხლე… თქვენით იწყება სამყარო… ვემზადებით, დღე დაიწყო… სამსახურში ტრანსპორტის გარეშე მივდივარ, ადამიანებს ვესალმები, მოვიკითხავ, მომიკითხავენ, მანდობენ თავიანთ პრობლემებს… ეს თავისთავად უშუალოს ხდის ჩვენს ურთიერთობას. შენობაში შესულს, თანამშრომელთა ღიმილიანი და პატივისცემით გაჯერებული მოსალმება მეტი პოზიტივით მავსებს. ჩემი კაბინეტიც იღება, ვამოწმებ ელექტონულ ფოსტას, მოვიკითხავ აპარატის თანამშრომლებს და… იღება კარი: _ შეიძლება? რა თქმა უნდა, შეიძლება, ჩემო ძვირფასო მოქალაქეებო… თბილი სიტყვები და მადლიერება დამიტოვა ქალბატონმა მაია ნადირაძემ, რომლის შვილსაც თანადგომა სჭირდება. მიხარია, რომ 2015 წელს საკრებულომ დაამტკიცა ჩემი ინიცირებით მომზადებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 0-18 წლამდე ეპილეფსიით დაავადებულთა თანადაფინანსებას (რეგისტრირდება 18 ავადმყოფი; წლის განმავლობაში თითეული 600 ლარით ფინანსდება. პროექტი მზარდია). პროექტის მონაწილეთა ოჯახის წევრებთან მაქვს აქტიური თანამშრომლობა, ისინი დღის ნებისმიერ დროს მესაუბრებიან მიმდინარე პრობლემებზე. მობრძანდა ქალბატონი არიადნა სოფელ ბუკნარიდან… ყურადღებით მოვუსმინე და დახმარება აღმოვუჩინე. მადლიერი ქალბატონი კარებთან მივაცილე და ბატონმა ზვიად მამალაძემ „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომაზე მიგვიწვია. სხდომა საინტერესოდ წარიმართა. გარკვეული პერიოდი შემოსული პროექტების დეტალურ განხილვას დავუთმე. მაქვს საკუთარი მოსაზრებები, რომლებსაც აუცილებლად დავაფიქსირებ. პერიოდულად ვპასუხობ მოქალაქეთა ზარებს სოციალურ თემებთან დაკავშირებით… მაქვს ვალდებულება, რომ თითოეული მოქალაქის პრობლემა გავითავისო და გავუწიო შესაბამისი დახმარება.
მერე საინტერესო გამოფენაზე გახლდით ჩემს მეგობარ მალხაზ ჩხიკვაძესთან ერთად (ჩვენი საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე) _ ისევ “ივლიტას ბიბლიოთეკაში“ ვიხილეთ 26 მაისთან დაკავშირებული იშვიათი ექსპონატები და სასიამოვნო ემოციებით დავუბრუნდი სამუშაო რეჟიმს…
შემოვიდა ზარი შეხვედრის თაობაზე საფინანსო სამსახურის უფროსისგან… განვიხილეთ სპორტკომპლექსში არსებული სტადიონების თეთრი ქვიშით დაფარვის თემა; ვფიქრობ, დადებითად გადაწყდება. ჩავატარე შეხვედრა სოფლის მოსახლეობასთან მათთვის მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით, შეხვედრა გამორჩეულად საქმიანი გახლდათ…
დღე ჩემი შვილების მოკითხვითა და მათზე ფიქრით მთავრდება, იმდებით…
სამშაბათი, 24 მაისი
წვიმს… წლის ამ დროს მიყვარს შხაპუნა წვიმა… მუხრანის არაჩვეულებრივი ლექსი მახსენდება…
წვიმა გახშირდა,
დაჭკნა გვირილა…
ხეზე მტრედივით შემოჯდა ზვინი,
საწნახელს სისხლი წასკდა ცხვირიდან …“
საუზმე ოჯახის წევრებათან ერთად…
_ მივდივარ! – მეძახის გიორგი; აუცილებლად მოვა და მაკოცებს ჩემი ვაჟკაცი. ჩემი პატარა ქალბატონები მუდმივად მენატრებიან: მარიამი აუდიტორულ კომპანიაში მუშაობს, ნინიკო – იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. სატელეფონო საუბრის თუ შეხვედრის დროს, მინდა ყველაფერი მიამბონ, მაგრამ ამ თაობას ნამდვილად არ უყვარს „მოხსენებითი ბარათები“ (სხვათა შორის არც მე მიყვარდა)… სამსახურში მიმავალს, ჩემი ყოფილი თანამშრომელი, ბებიაქალი, პროფესიონალი ქალბატონი ჯენიფერი მხვდება, ულამაზესი ყვავილებით ხელში, არც დაფიქრებულა, ისე მომაწოდა _ საოცარი სითბო ვიგრძენი… ყვავილები ლარნაკში მოვათავსე, დოკუმენტაცია მოვაწესრიგე და დაანონსებული ბიუროს სხდომაც შედგა… საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა კამათი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის “ზრდასრულთა ცენტრი“ უზურფრუქტით დამატებითი ფართის გადაცემაზე. აუცილებლად მექნება ჩემი სუბიექტური მოსაზრება… განცხადებით მომმართა მოქალაქე გოჩა გიორგაძემ _ რეალურად შეჭივრებულ ოჯახს არა აქვს სოციალურად დაუცველთა სტატუსი. შედგა სატელეფონო საუბარი ჩემსა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსს ნინო ოდიშარიას შორის, რის საფუძველზეც მოქალაქის ყველა საჭირო დოკუმენტაცია გადავუგზავნე ელექტრონული ფოსტით… ველოდებით პასუხს.
დღის სასიამოვნო აქტივობა გახლდათ ანსამბლ „ამაღლების“ პრეზენტაცია, რომლის ფორმირება და პოპულარიზაცია მნიშვნელოვანწილად უკავშირდება საკრებულოს თავმჯდომარის სახელს. ჩვენი ჩოხოსანი ბიჭები ღირსეულად წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. კულმინაცია სიმღერის პრემიერა „სურების ნადური“ გახლდათ. იყო სითბოთი და სიყვარულით გამთბარი მაყურებლით სავსე დარბაზი…
დამიკავშირდა პარლამენტარ ნანა ყეინიშვილის წარმომადგენელი _ მივიღე მიწვევა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ქალთა კვოტირების თემასთან დაკავშირებულ საკითხთა განხილვაზე; აღნიშნული თემა აქტიურად დაისვა ქალთა კონგრესზე, სადაც ხელი მოვაწერეთ აღნიშნულ შეთანხმებას. სწორედ ეს გახლდათ ჩემი მიწვევის საფუძველი… საღამოს საათებში მოვინახულე ორი მოქალაქე, რომელთა გასათვალისწინებელი მოთხოვნები განვიხილე და ვფიქრობ, დახმარების ფორმაც გამოინახება. ხვალ ჩემი გიორგი მღერის, ვიცი, რომ რაგბის ვარჯიშებსაც არ გააცდენს…
რა თქმა უნდა, გვიან, ძალიან გვიან სოციალურ ქსელსაც მივაკითხე…
ოთხშაბათი, 25 მაისი
სამსახურში გამოცხადებისთანავე ვეცნობი პრესას; დეპუტატი ქალბატონები აქტიურად ვართ ჩართულები პროექტში „მონოლოგიდან _ დიალოგამდე“; ამ პროექტის ფარგლებში ბიუჯეტირების საკითხებთან დაკავშირებით შედგა ჩემი სატელევიზიო ჩაწერა და კიდევ ერთხელ ვაკეთებ ანალიზს ჩემს მიერ დაფიქსირებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით.
დღეს საკრებულოს სხდომა გვაქვს, საკითხები საინტერესოა. სხდომას ესწრებიან წარმოდგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან. როცა სხდომაზე დასწრების სურვილს გამოხატავენ მოქალაქეები, ეს ძალიან კარგია მათი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩართულობის თვალსაზრისით. ერთ-ერთი საკითხი გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის „ზრდასრულთა ცენტრი“ (ფლობენ 208 მ2 ფართობს) დამატებითი ფართის გადაცემა უზურფრუქტის წესით… როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, მაქვს ჩემი სუბიექტური მოსაზრება, რაც დაფიქსირდა ოქმში: მივესალმები არასამთავრობო ორგანიზაციათა მუშაობას და მათ თანმშრომლობას მუნიციპალიტეტთან, მაგრამ არ მაქვს სტატისტიკა, რამდენმა ადამიანმა გაიარა საბუღალტრო კურსები და სად დასაქმდა, რამდენი სწავლობს უცხო ენას და რა შედეგები გვაქვს, რამდენი ადამიანი იღებს ჰონორარს, არის თუ არა საკმაოდ დიდი ფართი მათ მიერ ათვისებული სრულად… საინტერესოა მათი სამომავლო რეალური ხედვა დამატებითი ფართის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, როცა ჩვენი მცირებიუჯეტიანი რაიონისთვის, სხვა შემთხვევაში, გაცილებით ხელსაყრელია ფართის იჯარით გადაცემა დამატებითი შემოსავლის მოზიდვის მიზნით ადგილობრივ ბიუჯეტში. ნაკლებად გვესმის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი როლის შესახებ. ამდენად, კენჭისყრის დროს თავი შევიკავე და მივესალმები, თუკი დავინახავ რეალურ ქმედებებს. საკრებულოს სხდომა აკადემიურად წარიმართა.
მერე პირველ საჯარო სკოლაში წავედი 26 მაისის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე. წარმოადგინეს კარგი ნამუშევარი. სიტყვით მივესალმე და მივულოცე პედაგოგოგებსა და მოსწავლეებს. ეს სკოლა ჩემი ბავშვობა და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია… მიყვარხართ.
დღეს კინოსახლში სამრევლო სკოლამ ლამაზი ღონისძიება წარმოადგინა _ „ბოლო ზარი“. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ნიჭიერი ახლაგაზრდები. მოულოდნელად მესმის: _ჩვენს ახალგაზრდებს დღევანდელ დღეს მიულოცავს ჩვენი სკოლის მეგობარი ქალბატონი მაია პაიჭაძე. აი, ყველაზე დიდი საჩუქარი პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანისთვის -„მეგობარი“… მადლობა თქვენ, ალბათ დავიმსახურე…
საღამოს ჩემს მეუღლეს მეგობრები ესტუმრნენ, ერთმანეთი მოვიკითხეთ, ვისაუბრეთ, სასიამოვნოდ დაღამდა. და ისევ ხვალის გეგემები…
ხუთშაბათი, 26 მაისი
საქართველოს დამიუკიდებლობის დღე. დღე ღირსების, ქართველობის, გაუტეხავი სულის. დღის აქტივობები ახლადგახსნილი სკვერიდან, სახელწოდებით _ „კრიმანჭული“ დაიწყო. ამაღლებული განწყობით მოდიან მოქალაქეები. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებიან სხვადასხვა თაობის ხელოვანები საუკეთესო საშემსრულებლო მანერით. მუსიკალური სკოლის გოგონათა ანსამბლი ულამაზესი ვიზუალით, ფოლკლორის სკოლის ტრიო, მოცეკვავეები. მოსახლეობას მიესალმა მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ირაკლი კუჭავა და საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი ზაალ მამალაძე. საკრებულოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებასთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ხოლო მომავალ თაობას ჯანმრთელობა და მუხლჩაუხრელი შრომა უსურვა უკეთესი მომავლისათვის.
დღე საინტერესოდ გაგრძელდა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, სადაც გაიმართა შეჯიბრი მინი-ფეხბურთში, ბაგირის გადაძალვაში და რა თქმა უნდა ჩვენი ტრადიციული დოღით… გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. ვუსურვოთ მშვიდობა, გამძლეობა და ნათელი მომავალი ჩვენს ქვეყანას.
პარასკევი, 27 მაისი
კვირის ბოლო სამუშაო დღე… როგორც წესი, ამ დღეს მეტი მოქალაქე მომმართავს. ძალიან გამახარა მადლობის ზარებმა სხვადასხვა სოფლიდან და არა მარტო დღეს… საქმე იმაში გახლავთ, რომ საკუთარი ინიცირებით წარვადგინე პროექტი, რომელიც დამტკიცდა საკრებულოს მიერ -„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსწავლეთა მუნიციპალურ სპორტულ ა(ა)იპ-ში ტრანსპორტით უზრუნველყოფის შესახებ (დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 ათასი ლარით). ამ პროექტმა დიდი გამოხმაურება და სიკეთე მოიტანა: ოჯახებს მოეხსნათ ბავშვების ტრანსპორტირების პრობლემა, მოხდა მათი ჩაბმა სხვადასხვა აქტივობებში, დაიტვირთა ა(ა)იპ-ები, მოსწავლეები რაციონალურად იყენებენ სკოლის შემდგომ საათებს. აქვე გეტყვით, რომ როცა მიწვეული გახლდით კონფერენციაზე წარმოდგენილი დეპუტატი ქალბატონებით (გათვალისწინებული გახლდათ დღის წესრიგით ჩემი პროექტების პრეზენტაცია) აღმოჩნდა, რომ საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ჩვენს მუნიციპალიტეტში ხორციელდება ასეთი პროექტი.
რამდენიმე დღის წინ, სრულიად შემთხვევით ჩემი ყურადღება მიიქცია ქალბატონმა ახალშობილით ხელში. ოთხი თვის ასაკში ბავშვმა გულის ორი ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. ოჯახს არ აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, რაც დამატებით ამძიმებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას (სამწუხროდ, ანალოგიური პრობლემით არაერთი მოქალაქე მომმართავს). საუკეთესო სახელმწიფო პროგრამა _ საყოველთაო დაზღვევა მოსახლეობის დაცვის გარანტი გახლავთ; პარალელურად, ჩემი ინიცირებით მომზადდა პროექტი (საკრებულოს მიერ დამტკიცდა 2014 წელს), რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გულის მანკით დავადებული ბავშვების თანადაფინასებას (რეგისტრირდება 12 ბავშვი წლის განმავლობაში, თითოეული 500 ლარით ფინანსდება, პროექტი მზარდია). ეს პატარაც გახდა ამ პროექტის მონაწილე… მოხარული ვარ, რომ ჩემმა აქტივობამ შედეგი გამოიღო და ქალბატონმა ნინო ოდიშარიამ მიპასუხა ოფიციალური წერილით ზემოთ აღნიშნულ ოჯახთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საკითხი დადებითად გადაწყდება.
ხვალ, შაბათს, მნიშვნელოვანი საღამოა…
შაბათი, 28 მაისი
… თავს დასვენების უფლებას ვაძლევ, მაგრამ ეს პერიოდიც ყოველთვის ჩემს შვილებზე, ჩემს ოჯახზე, ჩემს კეთილისმსურველებზე ფიქრს ხმარდება. გულწრფელად ვიტყვი, რომ ყოველთვის განებივრებული ვიყავი და ვარ საოჯახო საქმეების ხელშეწყობით და მადლობას ვეტყვი ჩემს დედამთილს და დედას ჩემი შვილების აღზრდის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის, რასაც ვერ ვიტყვი თავად ცხოვრებაზე _ ნებისმიერი საფეხური ჩემი თავდაუზოგავი შრომის შედეგი გახლავთ. 18 უწყვეტი წელი გავატარე სამშობიარო სახლში მეან-გინეკოლოგად, პერიოდულად _ მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებლად. ვიცხოვრე უზარმაზარი პასუხისმგებლობით. ქალბატონების სიყვარულსა და პატივისცემას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ, ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან. სწორედ მათზე ზრუნვამ გადამაწყვეტინა კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება: სკრინინგი მკერდის სიმსივნეებზე შესაბამისი უფასო გამოკვლევებით ჩვენი რაიონის ქალბატონებისათვის და არა მარტო… ამ ეტაპზე სწორედ ამ პროექტით ვცხოვრობ, მინდა რომ პრევენცია ისეთი დონით იყოს ორგანიზებული, რომ ჩემს საყვარელ ქალბატონებთან „სტადიები“ ვერაფერს გახდნენ… საწყისი ეტაპები გადაილახა და ამისთვის მადლობელი ვარ აკადემიკოს ბატონ არჩილ ხომასურიძის, ბატონი რემა ღვამიჩავას…
დღეს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების მთავარი ექიმის, ჩემთვის ძვირფასი პიროვნების, კოლეგის, პროფესორ ზურაბ ყაჭეიშვილის საღამო გაიმართა და რა თქმა უნდა მისი აქტიური მონაწილე გახლდით. გულთბილი მილოცვა მივუძღვენი ბატონ ზურაბს, გავიხსენეთ ერთად გატარებული პროფესიული წლები. ცნობილ კარდიოლოგთან, პროფესორ ალექსანდრე ღოღობერიძესათნ ერთად შევასრულეთ ცნობილი ჰიტი „თბილისო“… ეს გახლდათ საოცარი ემოცია და ერთ-ერთი საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში. დიდხანს იცოცხლეთ ბატონო ზურაბ!
კვირა, 29 მაისი
ჩემთვის ეს დღე კვირის განმავლობაში განვლილი პროცესების, პოლიტიკური შეფასებების, მოქალაქეებთან აქტივობების ანალიზის დღეა. საოჯახო საქმეებითაც მეტად ვიტვირთები. დღეს ყვავილები გადავრგე ქოთნებში. ძალიან მიყვარს შინაური ფრინველები და მათი მოვლა _ გაზაფხულზე ახლადგამოჩეკილი პატარა წიწილები უზარმაზარ სიამოვნებას მანიჭებს. ეს არის დღე, როცა ყველაზე აქტიურად მოვიკითხავ ჩემს მშობლებს, ნათესავებს, მეზობლებს. უფალმა საუკეთესო მეგობრებით დამაჯილდოვა. არ მახსენდება დღე, რომელსაც შევაფასებდი, როგორც ჩვეულებრივს. ჩემთვის თენდება და ღამდება ჩემი ქვეყნის, ჩემი ოჯახის, ჩემი მეგობრების უსაშველო სიყვარულით, ჩემი საქმისადმი უდიდესი პასუხისმგებლობით, მარცხითა და გამარჯვებებით, ბრძოლის ჟინით უკეთესი მომავლისათვის.
ასეთი იყო ჩემი კვირა.
მომდევნო კვირის “ბლოგ-პოსტს“ კი ჩემს ოზურგეთელ კოლეგას, ქალბატონ ლელა საჯაიას გადავაბარებ.
მაია პაიჭაძე,
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე