მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ 30 მაისს გავრცელებული ინფორმაციის პასუხად განმარტავს, რომ ცენტრმა 2015 წლის 9 ივლისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ეკონომ კლასის 11 ერთეული ავიაბილეთის შესყიდვის მიზნით.
"აღნიშული ავიაბილეთები შესყიდულ იქნა პროგრამის "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" უცხოელი მოხალისე მასწავლებლების საქართველოში ჩამოსაყვანად. შესყიდვის განხორციელების პირველ ეტაპზე ჩატარდა ფასთა კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 6 კომპანია. ტენდერი გამოცხადდა ყველაზე დაბალი ფასით, რაც იმ მომენტისთვის ფასთა კვლევის შედეგად დაფიქსირდა. რაც შეეხება ბილეთების ღირებულებას, იგი დამოკიდებულია მარშრუტის სიგრძესა და სირთულეზე (არაპირდაპირი ფრენები). მოხალისეები, რომელთა ჩამოყვანის მიზნით მოხდა ბილეთების შესყიდვა, იმყოფებოდნენ აშშ-ის სხვადასხვა შტატებსა და ქალაქებში, რაც, შესაბამისად, ასახულია პროგრამის თითოეული მონაწილის ბილეთის ღირებულებაში.
ტენდერი განხორციელდა კანონისა და პროცედურების სრული დაცვით. ცენტრს არ ხელეწიფება ტენდერი ჩაშალოს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მასში მხოლოდ ერთი მიმწოდებელი მონაწილეობს, შესაბამისად ჩვენი მისამართით გამოთქმული ეჭვები და ბრალდებები საფუძველს მოკლებულია.
ასევე, მცდარი და არგუმენტებს მოკლებულია შესყიდვის კატეგორიის შერჩევასთან დაკავშირებით გამოთქმული ეჭვი. ცალკეული ავიაბილეთების შესყიდვას მხოლოდ და მხოლოდ ქვეკატეგორია – „ტრანსპორტის ბილეთები“ ითვალისწინებს, ხოლო კატეგორიით – „ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები“ ხდება მხოლოდ ტურისტული მომსახურების შესყიდვა.
რაც შეეხება მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ინფორმირებულობის ხარისხს, უნდა აღინიშნოს, რომ ფასთა კვლევის განხორციელებამდე, ბაზარზე არსებულ ძირითად მომწოდებლებთან ცენტრში შედგა შეხვედრა, სადაც ყველა კომპანიამ მიიღო ინფორმაცია გამოსაცხადებელ ტენდერთან დაკავშირებით. აღნიშნულის დამადასტურებლად ცენტრის არქივში ინახება შეხვედრის ოქმი. ამგვარი უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება კი მხოლოდ და მხოლოდ არაჯანსაღი აჟიოტაჟის გამოწვევას ემსახურება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მოხარულია, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს საჯარო უწყებებთან და ხელს უწყობს როგორც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესებას, ისე სახელმწიფო შესყიდვების ღიაობას ქვეყანაში, თუმცა ვისურვებდით, რომ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა უფრო კვალიფიციური იყოს და რეალურ სურათს ასახავდეს", _ აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე თემაზე: