31 მაისს, დილიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ქალაქის ცენტრში წესრიგის დამყარებას ცდილობდნენ და გარემოვაჭრეებს სავაჭრო ობიექტებში შესვლისკენ მოუწოდებდნენ. რასაც, რა თქმა უნდა, მოვაჭრეთა მხრიდან უკმაყოფილება და ხმამაღალი პროტესტი მოჰყვა.
"კარგი ცხოვრების გამო არ ვდგავართ ქუჩაში _ არც ჩვენ გვიხარია წვიმასა და ქარში ღია ცის ქვეშ დგომა, მაგრამ სხვა გამოსავალი რომ არაა, ამ გზით ვშოულობთ ლუკმაპურის ფულს და მიგვაქვს სახლში ბავშვებისთვის. ყოველ საღამოს ჭიშკართან სამი შვილიშვილი მელოდება _ ბებია, რა მოგვიტანეო. რა ვქნა, როგორ ვარჩინო ისინი?! კი, შევალ ბაზარში, მაგრამ, ფული როგორ გადავუხადო მის მეპატრონეს ჩემი წვრილმანი ვაჭრობით?! შუაღამეზე ვდგები და ქადებს ვაცხობ, თითოზე სულ ხუთი თეთრი მრჩება _ შევძლებ ამ შემოსავლით დახლის საფასურის გადახდას?! ვვაჭრობდი იმ ბაზარში, მაგრამ გადასახადის გადახდა რომ ვერ შევძელი, გამომიშვეს გარეთ. ორივე ხელი მომტყდეს, არჩევნებზე მაგათ ხმა თუ მივცე _ ყველას გადავხაზავ! როცა დაჭირდათ, მწოლიარე ამაყენეს და ორი ჯოხით მიმიყვანეს უბანზე ხმის მისაცემად. ჩვენით სხედან კაბინეტებში და ახლა ჩვენი ბედი აღარ ანაღვლებთ! კარგად იცის გამგებელმა ჩემი ოჯახის მდგომარეობა, იცის, ვინაა ჩემი მეუღლე. ჩემს ქმარს უმაღლესი სასწავლებელი წითელ დიპლომზე აქვს დამთავრებული და წლების განმავლობაში საგზაო სამმართველოს უფროსად მუშაობდა, მაგრამ ახლა სახლში ზის უმუშევარი. არ ითხოვს თანამდებობებს, უბრალო "ლაფატკაზე" იმუშავებს, მაგრამ ასეთი სამუშაოც არ გამოჩნდა მისთვის. უმუშევარი რომ არ ვიყოთ მთელი ოჯახი, ქუჩაში კი არ დავდგებოდი! ჯობს, თავი დაგვანებონ და მოგვცენ არსებობის უფლება, თორემ კარგი დღე არ დაადგებათ!" _ ცხარობდა ერთ-ერთი გარემოვაჭრე ქალბატონი და ადგილზე მყოფ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელს ურჩევდა, გამგებლის კაბინეტში გაჰყოლოდა: "ურუშაძის დავალებით მოქმედებ და აქ ყოფნას ჯობს, წინ წამიძღვე და მის კაბინეტში შემიყვანო _ იქ ვეტყვი, რაც სათქმელია".
გამგეობის ზედამხედველობის თანამშრომლებთან საკუთარი უკმაყოფილების გამოხატვისას გარემოვაჭრეები ძირითად აქცენტს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე აკეთებდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლებს მათთან დაპირისპირებას არ ურჩევდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენგან ხმას ვერ მიიღებთო, აფრთხილებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს:
"ნაციონალები" რომ არ გვინდოდა, იმიტომ მოვიშორეთ, მაგრამ ახლა არჩევანს აღარ გვიტოვებენ და იმათ დროს სანატრელს გვიხდიან _ მაშინ არავინ გვავიწროებდა. დილაობით გამოვდივარ, ოჯახის რძესა და მაწონს ვყიდი, რა დიდი მოგება მე უნდა დამრჩეს, რომ ბაზარში გადასახადი გადავიხადო?! ამ ტერიტორიაზე შიგნითა მხარეს შევიწევით და დაგვანებონ თავი, თორემ მშიერ ადამიანს ვერავინ შეაკავებს. ჩვენ უკან დასახევი არაფერი გვაქვს _ თუ საჭირო გახდა, ყველა ზომებს მივმართავთ და ჩვენს უფლებებს დავიცავთ!" _ ცხარობდნენ ქალბატონები.
ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის ხვიჩა ნიკოლაიშვილის თქმით, ადგილობრივი ხელმძღვანელობა ყველა ძალისხმევას არ იშურებს პრობლემის გადასაჭრელად: "მესმის ამ ადამიანების გულისტკივილი, მაგრამ ფაქტია, რომ დაუშვებელია საკვები პროდუქტი შუა ქუჩაში იყიდებოდეს. ჩვენი სამსახური სისტემატურად ახორციელებს ამ მხრივ მონიტორინგს, თუმცა, მაინც ვერ ვახერხებთ, ძირეულად მოევლოს გარევაჭრობის საქმეს. ჩვენ გამგეობის სამსახური ვართ და არ გვაქვს დაჯარიმების უფლება", _ გვითხრა ნიკოლაიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გარევაჭრობის აკრძალვისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს ბაზრის მეპატრონეებმა და სავაჭრო ობიექტებში მოვაჭრეებმა _ გასულ წელს ბაზარ "ქსენოვიჩის" თანამშრომლებმა, პროტესტის ნიშნად, დახლები გარეთ, გზის სავალ ნაწილზე გამოიტანეს, რითაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ყურადღების მიქცევა სცადეს. პროტესტის მეორე დღესვე გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა დაიწყო მონიტორინგი და გარემოვაჭრეებს კუთვნილ ფართებში შესვლისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდებითო, გააფრთხილა.
"ქუჩის ერთ მხარეს პირდაპირ ღია ცის ქვეშ იყიდება ყველაფერი, ჩვენთან კი არავინ შემოდის. ამხელა გადასახადები გვაქვს, სახლში თუ რამე არ მივიტანეთ, ტყუილად რა გვინდა აქ?! ჩვენს ინტერესში არაა გარეთ ვივაჭროთ, უბრალოდ, გვინდა კანონი ყველასთვის კანონობდეს და ყველა თანასწორ მდგომარეობაში ვიყოთ. გვილპება პროდუქტი და ვყრით. ვინ შემოვა ბაზარში _ გარეთ იყიდება ყველაფერი. ხომ შეუძლია ადგილობრივ ხელმძღვანელობას, შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს და წესრიგი დაამყაროს?!" _ საკუთარ პოზიციას ასე აფიქსირებენ ბაზარში მოვაჭრეები.