ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითს აფერხებს. კომიტეტმა აღნიშნულ საკითხზე გუშინ იმსჯელა, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილება ვერ მიიღო. სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები საკითხზე გერმანიისა და საფრანგეთის უარყოფითი პოზიციის გამო ვერ შეთანხმდნენ. ანონიმურმა დიპლომატმა სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეჩერებას არ აპირებს, არამედ უფრო მეტ სიფრთხილეს ავლენს ევროპაში მიმდინარე მიგრაციული კრიზისის გამო. სააგენტო "როიტერის" ცნობით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე მსჯელობა მომავალ კვირას გაიმართება.
ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" ანალიტიკოსი ივანე ჩხიკვაძე ამბობს, რომ თუ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი 9-10 ივნისს ჩანიშნულ შეხვედრაზე ვერ განიხილეს, უვზო მიმოსვლის საკითხი ოქტომბრამდე გადაიწევს. ამის შესახებ ჩხიკვაძემ "გურია ნიუსს" განუცხადა.
მისივე თქმით, წევრ ქვეყნების წარმომადგენელთა შორის აზრი ორად იყოფა.
"ჩემთვის არაოფიციალურად სხვადასხვა წყაროსგან ცნობილია ის, რომ წევრ ქვეყნების წარმომადგენელთა შორის აზრი ორად იყოფა. ერთი ჯგუფი ე.წ. "სკეპტიკოსი ქვეყნები" (დასახელებას არ ვაპირებ) მხარს არ უჭერენ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას, ელოდებიან რა ვიზის ლიბერალიზაციის შეჩერების გამარტივების მექანიზმის დამტკიცებას. მეორე ჯგუფი ე.წ. "მეგობარი ქვეყნები" მხარს უჭერენ ამ გადაწყვეტილებას უპირობოდ", _ აღნიშნავს ჩხიკვაძე.
მისივე თქმით, ბოლო სხდომაზე მუდმივმა წარმომადგენლებმა დაიწყეს კომპრომისული ვარიანტის განხილვა.
"ეს ვარიანტი ითვალისწინებს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას, რომელიც ამოქმედდება ვიზის ლიბერალიზაციის შეჩერების განახლებული მექანიზმის პარალელურად. ამას ორი მხარე აქვს: დადებითი ისაა, რომ საქართველოს აღარ მოუწევს თურქეთის, კოსოვოს, უკრაინისათვის ლოდინი და უარყოფითი, არავინ არ იცის როდის დამტკიცდება ეს მექანიზმი და როდის შევა ძალაში შეიძლება ეს იყოს არჩევნების მერე, შეიძლება მანამდე, შეიძლება 2017-ში.
ვნახე ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება დაბნეულია და არ აქვს გეგმა "ბ". ამასთან, სამწუხაროდ, იყო ასევე რბილად რომ ვთქვა სრულიად უპასუხისმგებლო, მეტიც ბოდვა კომენტარი რომელიც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკუთვნის.
ახლა ხელების ჩამოშვების, დაბნეულობის, ბოდვის დრო არ არის. 9-10 ივნისს გასამართი იუსტიციის მინისტრთა საბჭოს შეხვედრამდე ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების ფაქტიურად ორი შეხვედრაა ჩანიშნული. ამ 6 დღეში ხელისუფლებას დღე და ღამის გასწორება მოუწევს, რომ ბრიუსელში ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნას მიღებული", _ აცხადებს ჩხიკვაძე.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, თედო ჯაფარიძეს უჭირს პასუხის გაცემა, თუ რატომ ვერ შეთანხმდნენ ევროკავშირის ელჩები გუშინ გამართულ სხდომაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, თუმცა დარწმუნებულია, რომ პროცესი საქართველოსთვის დადებითი შედეგით დასრულდება.
"ეს არ არის გადაწყვეტილება. ეს არის პროცესი. ახლა მე ვერ გეტყვით ზუსტად, რის გამო მოხდა ეს – შეიძლება ვიღაც ავად გახდა, ვიღაც გაცივდა, ვიღაცამ დააგვიანა, ვიღაცას თავის მოსაზრება ჰქონდა… ეს არის დემოკრატიული პროცესი, სადაც ერთი ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას. დაველოდოთ, დამერწმუნეთ, რომ შედეგი იქნება დადებითი და ჩვენთვის სასიამოვნო", _ განუცხადა ჯაფარიძემ "ინტერპრესნიუსს".
მისივე თქმით, გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების თაობაზე უკვე მიღებულია, თუმცა ზუსტი დროის დასახელება, როდის მოვა სისრულეში, ძნელი სათქმელია.
"ზუსტად სად, რომელ საათზე მოხდება ვიზალიბერალიზაცია, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ იმაში, რომ გადაწყვეტილება იქნება, ეჭვი არ მეპარება", _ აცხადებს ჯაფარიძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგი გიგიაძის ინფორმაციით კი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) სხდომაზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი კვლავ რჩება 9-10 ივნისს დაგეგმილი, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების (JHA) შეხვედრის დღის წესრიგში.
გიგიაძე იმედოვნებს, რომ ამ პერიოდამდე მოხდება საბოლოო აზრის კონსოლიდაცია და 9-10 ივნისს საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს.
"რით არის განპირობებული ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინ COREPER-ში შეთანხმება ვერ შედგა ანუ უნდა მომზადებულიყო პოზიცია, რომელიც 9-10 ივნისს იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოზე (JHA) უნდა გავიდეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროცესი მიმდინარეობს არსებული დღის წესრიგის შესაბამისად. საქართველოს საკითხი კვლავ რჩება 9-10 ივნისს დაგეგმილი საბჭოს დღის წესრიგში. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პერიოდამდე მოხდება საბოლოოდ აზრის კონსოლიდაცია და 9-10 ივნისს საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას", _ აღნიშნავს გიგიაძე და არ გამორიცხავს, ეს საკითხი COREPER-მა მომავალ კვირას დაგეგმილ სხდომაზე განიხილოს.
ამასთან, ქართული მხარე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს იმ ინფორმაციის შესახებ, რომ გუშინ შეთანხმება საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციის გამო ვერ შედგა.
"ჩვენ ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებთ, იმიტომ რომ სხვადასხვა სახის ვერსია გაჟღერდა. ველოდებით პროცესის წარმატებით დასრულებას სწორედ ისე, როგორც ამის პირობა არაერთხელ იყო გაჟღერებული როგორც ევროკომისიის, ისე წევრი ქვეყნების, მათ შორის, ზემოაღნიშნული ქვეყნების მხრიდან. ველოდებით, რომ ეს პროცესი უახლოეს პერიოდში წარმატებით უნდა დასრულდეს. საქართველო მაქსიმალურად შეფასებულია, როგორც საშინაო დავალების ყველაზე კარგი შემსრულებელი, ყველაზე მოწინავე ქვეყანა განხორციელებული რეფორმების მიხედვით. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი გამოხმაურება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მინისტერიალის ფარგლებში, როდესაც ევროკავშირის წევრი უკლებლივ ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა დააფიქსირეს საქართველოს მიღწევები და ის დიდი პროგრესი, რომელიც განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის მიმართლებით არსებობს საქართველოს მხრიდან. შესაბისად, მიგვაჩნია, რომ ამის ლოგიკური დასასრული უნდა იყოს დადებითი გადაწყვეტილება. ჩვენ მაქსიმალურად კვალდაკვალ მივყვებით მოვლენებს, ჯერჯერობით ყველაფერი არსებული დღის წესრიგის მიხედვით მიმდინარეობს და გვჯერა იმისა, რომ საბჭოს მიმართულება 10 ივნისს დასრულდება", – აცხადებს გიგიაძე.
ცნობისთვის, ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა RFE/RL-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 2016 წლის 4 მაისს განაცხადა, რომ საქართველომ, უკრაინამ და კოსოვომ ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის მიღებისთვის, ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ყველაფერი გააკეთეს და ვიზალიბერალიზაცია ერთდროულად უნდა მიიღონ.
ჰანმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს, უკრაინის, კოსოვოს და თურქეთის ვიზალიბერალიზაციის მიღება დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად აქვთ ქვეყნებს წინსვლა და შეესაბამება თუ არა ეს ევროკავშირის მოთხოვნებს.
"2015 წელს საქართველომ და უკრაინამ უვიზო რეჟიმის მისაღებად ყველა პირობა შეასრულეს, მათ შორის დიდი ძალისხმევით ებრძოდნენ კორუფციას. ამავე დროს თურქეთი და კოსოვო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ვიზალიბერალიზაციის მოსაპოვებელ გზაზე ჩამორჩნენ,"_განაცხადა ჰანმა.
ამავე თემაზე:
ევროკავშირი მიგრანტების კრიზისის გამო ვიზალიბერალიზაციის პროცესს აფერხებს
ევროპარლამენტმა თურქეთის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვის პროცესი შეაჩერა
რას აცხადებს ევროკომისარი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე
"ნაციონალური მოძრაობის" ანტიქართული გეგმა ჩავარდა" _ ზვიად კვაჭანტირაძე განცხადებას ავრცელებს
"არავითარი "ვიზა ლიბერალიზაციის კენჭისყრა" არ ყოფილა" _ კანდელაკი კვაჭანტირაძეს პასუხობს
ზვიად კვაჭანტირაძე: "ოჰ, ეს თმენის ვალდებულება რააა!"
გიორგი კვირიკაშვილი: "ესაა ჩვენი დაბრუნება ევროპაში დამოუკიდებლობის პერიოდის შემდგომ"
ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის უპირობო ვიზალიბერალიზაციას
პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმართვა მიიღო
ევროპარლამენტის კომიტეტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს 20-21 აპრილს განიხილავს
რა სასიხარულო ამბავი ჩამოიტანა საქართველოში ევროკომისარმა
გვექნება თუ არა ზაფხულში უვიზო მიმოსვლა ევროპასთან
მითები და რეალური ფაქტები უვიზო მიმოსვლის შესახებ
ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი ზაფხულისთვის დასრულდება – დავით ბაქრაძე
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში" _ ბერნარ კუშნერის მილოცვა საქართველოს