28 მაისს ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პედაგოგებისთვის ჩატარებული ტრენინგი დღეს დაპირისპირების მიზეზი გახდა.
პედაგოგი მზიური დევაძე ამბობს, რომ შეკრებაზე ცნობილი მწვრთნელის – მარიამ რამინაშვილის მოსასმენად მივიდა, რომელსაც პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისა და გაკვეთილების ჩატარების მეთოდოლოგიაზე უნდა ესაუბრა, მაგრამ ორგანიზატორებმა სკაიპით ოდესის გუბერნატორი – მიხეილ სააკაშვილი ჩართეს. იგი პედაგოგებს მისი პრეზიდენტობის დროს განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა.
დღეს ფაქტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროშიც გააპროტესტეს. განცხადება გაკეთდა „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, პარტიაში აცხადებენ, რომ შეხვედრას ყველა ის პედაგოგი ესწრებოდა, ვინც მათ პოლიტიკურ ხედვებს იზიარებს.