დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა სადაც საკრებულოს ახალი წევრი ვასილ ჩიგოგიძე უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.
სხდომის მიმდინარეობისას ლეიბორისტმა ნათია შარაშენიძემ დარბაზში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი კორპუსის მობინადრეები შემოიყვანა. ისინი აღნიშნულ ქუჩაზე, გმირთა მოედნის მიმდებარედ გაზსატუმბის აშენებას ეწინააღმდეგებიან. როგორც მოსახლეობა ვარაუდობს, აღნიშნული დანადგარი მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათო იქნება.
საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ მოსახლეობას განუმარტა, რომ დანადგარი ყველა წესის დაცვით მონტაჟდება, ყველა საჭირო ნორმა დაცულია და ასეთ შემთხვევაში საკრებულოსა და მერიას მშენებლობის აკრძალვის უფლება არა აქვს.
საკრებულოს თავმჯდომარის არგუმენტირებული განმარტება დეპუტატ ნათია შარაშენიძისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. მეტიც, შარაშენიძემ თავის ანგაჟირებულ გამოსვლაში ქალაქის მერიასა და საკრებულოს შეურაცხყოფითა და ბრალდებებით მიმართა და ადგილობრივი ხელისუფლება ბავშვების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა.
სხდომის დასრულების შემდეგ ფარნავაზ მეფის ქუჩელები საკუთარ კაბინეტში ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ მიიწვია, სადაც მოსახლეობას აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებით ვრცელი განმარტება მისცა.
ქალაქის მერი ამბობს, რომ აღნიშნული სატუმბის მშენებლობის მოსურნე არც თავად გახლავთ, კონსულტაციები აღნიშნულ საკითხში კომპეტენტურ ყველა სამსახურთან გაიარა, თუმცა, სამწუხაროდ ქალაქის მერიას აღნიშნული მშენებლობის აკრძალვის უფლება არა აქვს, ვინაიდან ის კანონისა და წესის დაცვით უნდა განხორციელდეს.
როგორც მერმა აღნიშნა, თუ მოსახლეობა საკითხის გადაჭრას სამართლებრივი გზით ეცდება, ქალაქის მერია სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედებს.
(R)



























































