ჩოხატაურში, გოგიბერიძის ქუჩის მცხოვრებლები ბოლო სამი წლის განმავლობაში ბევრჯერ დაზარალდნენ _ ხშირი წვიმების დროს, სანიაღვრე არხების არარსებობის გამო, მათი საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები მუდმივად იტბორებოდა.
2014 წლის 2 ოქტომბერს, სტიქიამ ნანა რამიშვილის, ვახტანგ ბარამიძის და ოთარ გერსამიას სახლები დატბორა: _ როდესაც ამ ქუჩაზე ასფალტს აგებდნენ, მაშინვე ვთხოვე, რომ სანიაღვრე არხები კარგად გაეკეთებინათ. "დღეს, ხვალ" არ დაუმთავრდათ. მაშინდელ გამგებელს, თამაზ ჯინჭარაძეს კი ვესაუბრე ამ თემაზე, მაგრამ შედეგს თავადაც ხედავთ, _აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მაშინ ვახტანგ ბარამიძემ.
სანიაღვრე სისტემის მოუწესრიგებლობაზე ყურადღება ოთარ გერსამიამაც გაამახვილა, რომლის თქმით, ხელისუფლება ამ საკითხს უფრო მეტი ყურადღებით უნდა მიდგომოდა.
დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, პრობლემის მოგვარების პირობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დადო, თუმცა, 2015 წლის 11 ნოემბერს, სტიქიამ გოგიბერიძის ქუჩის მცხოვრებლების ნაწილი ისევ დააზარალა და სახლები, ეზოები და სავარგულები დაუტბორა.
ადგილზე მისულმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ "გურია ნიუსთან" პირობა დადო, რომ სანიაღვრე არხები აუცილებლად გაკეთდებოდა და პრობლემაც მოგვარდებოდა.
იმის გასაგებად, შესრულდა თუ არა პირობა, გოგიბერიძის ქუჩას ვეწვიეთ, სადაც სანიაღვრე არხების მოწყობა უკვე დასრულებულია.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველ პროექტში სანიაღვრე არხების ნაწილის შეკეთება იყო ჩასმული, თუმცა, მოსახლეობის მოთხოვნით, დამატებითი თანხების მოძიება მოხერხდა და გოგიბერიძის ქუჩის იმ ნაწილზე, სადაც წყალი დგებოდა და მოსახლეობა ზარალდებოდა, არხები გაკეთებულია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მინდია ჟღერიას თქმით, არხებზე ცხაურების გაკეთება 63 105 ლარი დაჯდა:
_ გოგიბერიძის ქუჩა მთლიანად მოასფალტდა და სანიაღვრე არხებიც გაკეთდა. დარჩა რამდენიმე ჩიხი, სადაც არხების გაკეთება მომავალ წელს იგეგმება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჟღერიამ.