ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველო პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამაში მოიაზრებს სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს.
"ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ. მიხარია, რომ ჰუმანიტარული კონტაქტები, ადამიანებს შორის კონტაქტები არსებობს ამ რეგიონებთან და მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას ჟენევის ფორმატში წარმატების მისაღწევად", _განაცხადა ანგელა მერკელმა.
გარდა ამისა მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანია ინტერესით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს და ეკონომიკის ლიბერალიზაციას.
"ალბათ ჯერ გერმანიაში საკმარისად კარგად არ იცნობენ რამდენად დიდ წარმატებას მიაღწია საქართველომ. თუკი შევხედავთ მსოფლიო რეიტინგებს კონკურენტუნარიანობის და გამჭვირვალობის შესახებ, საქართველოს შესანიშნავი წარმატებები ჰქონდა", _ აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ამან შეიტანა თავისი წვლილი, რომ ეკონომიკური კონტაქტები ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის გაიზარდა", _ განაცხადა მერკელმა.
გერმანიის კანცლერის განცხადების თარგმანი ”საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გაავრცელა.