ლანჩხუთის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ცნობილი გურული კინორეჟისორისა და მკვლევარის, ირაკლი მახარაძის წიგნის _ "გურიის რესპუბლიკის" პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის ავტორმა ვრცლად ისაუბრა გურიის რესპუბლიკის შესახებ, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. მისი თქმით, არც ერთ რესპუბლიკას არ ღირსებია ისეთი წარმატება და საყოველთაო ყურადღება, როგორც გურიის რესპუბლიკას. 1905 წელს გლეხთა რევოლუციური მოძრაობა გურიაში ე.წ "გურიის რესპუბლიკად" ჩამოყალიბდა. ეს იყო უნიკალური მოვლენა, რომელსაც არ მოეძებნება ანალოგი გლეხთა მოძრაობის ისტორიაში მსოფლიოს მასშტაბით.
ირაკლი მახარაძე გახლავთ ავტორი წიგნებისა "გურული მხედრები ამერიკაში", "გურული ფირალები" (რომელიც გამოიცა ამერიკაში და არის ლიტერატურული პრემია "საბა"-ს 2015 წლის ლაურეატი.), "ერთი მუჭა ფირალები", "ქართველები ამერიკაში" და ა.შ.; გადაღებული აქვს დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები: "ლელოს შემობრუნება", "უაილდ ვესთის მხედრები", "გურული ფირალები" და სხვა. არის გურული მოჯირითეებისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის ავტორი.