ცესკოში პოლიტიკურ პარტიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ცესკომ პარტიების წარმომადგენლებს ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქციების შესახებ წარუდგინა პრეზენტაცია. მონაწილეები დეტალურად გაეცნენ საოლქო საარჩევნო კომისიების უფლება-მოვალეობებს და კანონით დადგენილ მათ მიერ გასატარებელ ღონისძიებებს 2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ცესკოს მიერ შემუშავებული არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა; აღნიშნული დოკუმენტი არსებითად მნიშვნელოვანია როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ეფექტურობისთვის, ისე საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ხელშეწყობისა და მთლიანი საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის.
შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან და კომისიის წევრებთან ერთად 35 პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა. სამუშაო შეხვედრაში ასევე ჩართულები იყვნენ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქციების სახელმძღვანელო ინსტრუქციების შემუშავებაში.
"დღევანდელი შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან იყო ძალიან შედეგიანი. გავიარეთ ყველა დეტალური პროცესი და ღონისძიება რაც არჩევნებს შეეხება. ფაქტობრივად შენიშვნები და რამე კრიტიკული მოსაზრება არ გამოთქმულა. სამუშაო ფორმატში ჩვენ ვიმსჯელეთ ყველა იმ პროცესზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის როგორც პარტიებისთვის, ისე ჩართული მხარეებისთვის იქნება მნიშვნელოვანი," – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჟვანიამ შეხვედრის ბოლოს.