ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე საქველმოქმედო ასოციაცია “გურია“-ს ბენეფიციარებსა და ცენტრის დირექტორს რომან ლომაძეს შეხვდა.
ბენეფიციარებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს და ქალაქის მერს ცენტრის სამომავლო გეგმებიც გააცნეს.
შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარ პრობლემად განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნისა და გაუმჯობესების საკითხი დაისვა. როგორც ბეგლარ სიორიძემ განმარტა, ქალაქის მერიის ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი პანდუსების მოწყობის აუცილებლობას ითვალისწინებს, გარდა ამისა, უკვე გამოცხადებულია ტენდერი ქალაქში საგზაო ნიშნების განთავსებასთან დაკავშირებით, რაც ბენეფიციართა ქუჩებში უსაფრთხოდ მოძრაობას ხელს შეუწყობს.
"როგორც ყოველთვის, ახლაც მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით, ყველა ის საკითხი, რაზეც თქვენ დღეს საუბრობთ, ბუნებრივია, ჩვენც გვაღელვებს და გვაფიქრებს. ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა თქვენთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაა, რის გამოც ქალაქის მერია ყველა საჯარო ორგანიზაციას დაავალებს, რომ შენობები შესაბამისი პანდუსებით უზრუნველყონ. მაქსიმალურად ვეცდები, ყველა ჩემი დანაპირების განხორციელებაზე ვიზრუნო, ყოველთვის მიგულეთ თქვენს გვერდით." -განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.
ქალაქის მერმა ცენტრის ხელმძღვანელს ე.წ ,,სათათბიროს“ შექმნაში მხარდაჭერა აღუთქვა, რომელიც აპრობირებულია და მიზნად სხვადასხვა სპეციფიკურ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა შეკრებას გულისხმობს.
28 ივნისს ქალაქის მერიის დაფინანსებით და ასოციაცია "გურიას" ბენეფიციარების მონაწილეობით სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩემპიონატი გაიმართება.
(R)