"იმდენი ისტორია შეიძლება მოვყვე, სკანდალი სკანდალზე მექნება ყოველდღე… ახლა მე დავიწყებ მოკვლევას, ვის რომელი საყვარლის სახელზე აქვს სახლი, მანქანა, მიწა გაფორმებული", _ ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა "გურია ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორ ახვლედიანმა აღნიშნა სასამართლო სისტემის მონიტორინგს თავისი ახლადშექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციით აპირებს. ახვლედიანმა ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა რა გეგმები აქვს, ვისთან თანამშრომლობას აპირებს, ექნება თუ არა კავშირები პოლიტიკურ პარტიებთან.
ამჯერად ინტერვიუდან ამონარიდს გთავაზობთ.
"ახლა სწორედ ამ მონაცემებს ამოვიღებ, რითი დადიან სწორედ აპარატის მოხელეები მივლინებებში, პირადი ურთიერთობებით? მართლა მაინტერესებს, მათი ფინანსური მდგომარეობით დავინტერესდები, ვის რა სახლები აქვს, ვის სახელზე აქვთ გაფორმებული, რას აკეთებს სასამართლოს მენეჯმენტი; რას აკეთებდა წარსულ წლებში, _ჩემი ორგანიზაცია ყველა ამ საკითხზე მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას. მე დავდებ ინფორმაციას დანარჩენი შეაფასოს ჟურნალისტებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა", _ აცხადებს ახვლედიანი.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია "მართლმსაჯულების განვითარების ცენტრს" მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.
"მთლიანად სასამართლო სისტემის მონიტორინგს ვაპირებ, კონკრეტული პირების დანიშვნიდან დაწყებული, პროცესებით დამთავრებული. ორი საქაღალდე უკვე სავსე მაქვს, რაც მივწერე სასამართლოს და ვაცნობე, რომ ყოველთვიურად გავაკონტროლებ რას აკეთებენ. დავდებ ამის დასკვნებს და ჟურნალისტებსაც გექნებათ ინფორმაცია. ყველა ტენდერში, ყველა დანიშვნაზე, მოსამართლეების დიპლომიდან დაწყებული, ყველა საკითხით. ვინ არიან, რით მიაღწიეს ამ თანამდებობებამდე, განაწილების წესით გაგრძელებული და საშტატო ერთეულებით დამთავრებული. ვისზე რა დანამატი გაიცა და ა.შ, ყველა დეტალი იქნება თვალსაჩინო მთელ სასამართლო სისტემაზე. მერე დაინახავენ ვის აქვს მენეჯმენტი და ვის არა, ჩემი 5 კაცით რომ შევძლებ მთელი სასამართლო სისტემიდან ინფორმაციის მიღებას, მერე დავთვალოთ ამ საკითხებზე თვითონ სისტემაში რამდენი ადამიანი მუშაობს", _ აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა "გურია ნიუსთან" ინტერვიუში.
ვინ არიან სასამართლო სისტემის "გენერლები" და "პოლკოვნიკები", ვინ მართავს დღეს მოსამართლეებს, რა როლი აქვს მართვაში ნინო გვენეტაძეს, როგორ აპირებს არასამთავრობო სექტორიდან სისტემაში მიმდინარე მოვლენების კონტროლს, _ ამ საკითხებზე "გურია ნიუსი" თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან ინტერვიუს ვრცლად მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:
სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მოსამართლეს კანონდარღვევაში ადანაშაულებს
რატომ ტიროდნენ მოსამართლეები მამუკა ახვლედიანის კაბინეტში
მათი მიზანია თავიანთი კანდიდატები დანიშნონ სასამართლო სისტემაში – მამუკა ახვლედიანი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა