თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი განჩინებით, არ დაკმაყოფილდა აპელანტების – შსს-სა და საპატრულო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით, შსს-დან უკანონოდ გათავისუფლებული პატრულ-ინსპექტორი იოსებ აბულაძის სარჩელი დაკმაყოფილდა. შსს-ს მისი სამსახურში აღდგენა და მის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.
2016 წლის აპრილში, შსს-მ და საპატრულო დეპარტამენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. საქმის განხილვის შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მათი სააპელაციო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
იოსებ აბულაძის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება უკავშირდება 2014 წლის 19 ივნისს მომხდარ შემთხვევას, როცა პატრული-ინსპექტორი ღამის საათებში მეტეხის ხიდთან ე.წ. გადაკეტვაზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ამ დროს გააჩერა BMW-ს მარკის მანქანა, რომლის მძღოლი გადაკეტილ ქუჩაზე ცდილობდა მანქანით შესვლას. მოქალაქემ მიმართა პატრულ-ინსპექტორს აგდებული ტონით, რაზეც პატრულისგან მიიღო შენიშვნა. ეს მოქალაქე აღმოჩნდა შსს-ს მაღალჩინოსნის, კერძოდ – გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილის ერეკლე ჭოხონელიძის ახლობელი, რომელიც სავარაუდოდ შარდენის ქუჩაზე სწორედ იმ სუფრაზე მიდიოდა, სადაც თავად შსს-ს მაღალჩინოსანი იმყოფებოდა. ჭოხონელიძემ რამდენიმე დღის შემდეგ დაიბარა იოსებ აბულაძე სამინისტროში და მოსთხოვა ახსნა-განმარტება მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც მას გამოუცხადეს სასტიკი საყვედური.
იოსებ აბულაძემ თავისი შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტზე მიმართა სახალხო დამცველს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს. სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა რეკომენდაციით, სადაც ნათქვამია, რომ იოსებ აბულაძისათვის სასტიკი საყვედურის გამოცხადება კანონმდებლობის უხეში დარღვევით განხორციელდა.
სასტიკი საყვედურის გამოცხადების შემდეგ, პატრულ-ინსპექტორის წინააღმდეგ გაძლიერდა სხვადასხვა სახის ზეწოლა. 2014 წლის 16 სექტემბერს კი, იგი დაიბარეს შსს-ში და განუცხადეს, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან.
2014 წლის ოქტომბერში ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს და პატრულ-ინსპექტორის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოითხოვეს, რაც 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში იოსებ აბულაძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი და საიას იურისტი მიხეილ ჯახუა იცავდნენ.