თუშეთში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა. ადგილობრივებს ტურისტების სიმრავლის იმედი აქვთ და დასახვედრად განსაკუთრებით ემზადებიან.
გასულ შაბათ-კვირას, გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ფესტივალი "მზე მოე" მოაწყო, თუმცა, რეგიონის პირველი პირები ფესტივალის გახსნას არ დასწრებიან. ფესტივალს მხოლოდ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა, იყვნენ თუ არა მიწვეულები კახეთის გუბერნატორი და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ფესტივალის გახსნაზე ან რა მიზეზებით ვერ მოახერხეს მათ ღონისძიებაზე დასწრება.
როგორც კახეთის გუბერნატორის პრესმდივანმა მადონა ბატიაშვილმა განგვიცხადა, ფესტივალის შესახებ გუბერნიას ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა მათმა წარმომადგენელმა "სხვა შეხვედრების გამო" ღონისძიებაზე დასწრება ვერ მოახერხა.
"გუბერნატორი მიწვეული იქნებოდა აუცილებლად, უბრალოდ, იმიტომ არ იმყოფებოდა, რომ სხვა შეხვედრაზე იყო. რასაკვირველია, გვქონდა ღონისძიებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. რეგიონში რაც ტარდება ყველა ღონისძიებაზე გვაქვს ინფორმაცია, არა მხოლოდ კულტურულ ღონისძიებებზე. შესაბამისად, ჩვენ უფრო მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ თემებს ვირჩევთ ხოლმე თუ საქმიანი შეხვედრებია და ამ შეხვედრებს ვესწრებით. ასეთი ფესტივალებისთვის, თუ რაიმე შეხვედრა არის, გუბერნატორი ვერ იცლის. გამგებელი ადგილზე იყო და ესწრებოდა ღონისძიებას. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამაც უბრალოდ მხარდაჭერა გამოუცხადა ამ ღონისძიებას, თორემ ფინანსურად, მთლიანად სამინისტრომ უზრუნველყო ფესტივალი", _ აღნიშნა ბატიაშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.
მისივე თქმით, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი ღონისძიებას შაბათს გამართული შეხვედრის გამო ვერ დაესწრო.
"გვქონდა ინფორმაცია როგორც გითხარით, მაგრამ შაბათს გუბერნატორმა საფრანგეთის ელჩს უმასპინძლა, ეს ჩვენი ღონისძიება ერთსაათიანი არ ყოფილა, 12-ზე დაიწყო და 5-ზე დამთავრდა. ამიტომ ასეთი ღონისძიებები შეიძლება გაიმართოს, მაგრამ ვერ მოახერხოს გუბერნატორმა მისვლა. ისე რომ უჩვენოდ რამე ტარდებოდეს რეგიონში და ჩვენ არ ვიცოდეთ, არ არსებობს. ან გუბერნატორი ესწრება ან მოადგილეები", _ აღნიშნავს ბატიაშვილი და დასძენს, რომ თუშეთში გამართულ ღონისძიებას გუბერნიიდან არავინ დასწრებია.
"არავის არ ეცალა, სხვა ღონისძიება გვქონდა", _ აცხადებს ბატიაშვილი.
მისივე თქმით, გასულ შაბათ-კვირას ფესტივალი სიღნაღშიც გაიმართა, სადაც გუბერნატორიც იყო მიწვეული, თუმცა მისვლა იქაც ვერ მოახერხეს.
"სიღნაღშიც იყო შაბათს ფესტივალი "გურმანი 2016", იქაც ვიყავით მიწვეულები და მისვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინფორმაცია არ გვაქვს. არ რაიმე გაუგებრობა იყო. თუ რაიმე ღონისძიება დაიგეგმება კახეთში, გვეპატიჟებიან როგორც რეგიონის პირველ პირს, გუბერნიას. თუ გვაქვს შესაძლებლობა მივდივართ. ყველა ღონისძიებაზე დასწრების სურვილი გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა ღონისძიებები ემთხვევა ხოლმე. თუ მოვახერხეთ, ყველგან მივდივართ", _ ამბობს ბატიაშვილი.
"გურია ნიუსი" ორი დღის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებოდა ახმეტის მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში, ზურაბ ზვიადაურს, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხა.
რაც შეეხება ომალოში გამართულ ფესტივალს, ღონისძიებას ტურისტები ნამდვილად არ აკლდა. ვიზიტორების სიმრავლის იმედი ადგილობრივებს წელსაც აქვს.
"ეს ფესტივალი იქნება კიდევ ერთი დამატებითი სიგნალი და მესიჯი, როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, ასევე, ჩვენი უცხოელი ტურისტებისთვის, ვიზიტორებისთვის, რომ მათ შეძლონ და გაიცნონ საქართველო უფრო უკეთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობით უკვე წლების განმავლობაში აქაურობას უდიდეს ყურადღებას აქცევენ. ყველაფერი, რასაც ხედავთ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არის შექმნილი და კიდევ გვაქვს დიდი გეგმები თქვენთან ერთად – იმ დავიწყებული დარგების აღორძინების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ახალი ინფრასტრუქტურის განვითარების, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და გაიცნოს თუშეთი, რომ თუშეთში სიცოცხლე დუღდეს. გადაეცით ყველას, თითო კაცმა რომ თითო ადამიანი კიდევ მოიწვიოთ თუშეთში, თუშეთის სილამაზის და ისტორიის შესახებ გაცილებით მეტი ადამიანი გაიგებს", _ მიმართა სიტყვით გამოსვლისას გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ფესტივალზე შეკრებილ საზოგადოებას.
ფესტივალის სტუმრები ფოლკლორულ ხელოვნებას გაეცნენ, დააგემოვნეს თუშური სამზარეულო და მონაწილეობა მიიღეს ტრადიციულ სპორტულ თამაშებსა და ღონისძიებებში. ფესტივალის ფარგლებში თუშეთის ეროვნულ პარკში სალაშქრო და საცხენოსნო ტურები მოეწყო.
გაიმართა ანსამბლ "მადლის", ლელა თათარაიძე და "კესანეს" კონცერტი და ხრიდოლის აკადემიის შოუ.
ტრადიციული თამაშებისა და სამზარეულოს ფესტივალში თუშეთის 50-მდე სოფლის მცხოვრებლები მონაწილეობდნენ.
ფესტივალის მიზანი ადგილობრივი ტურიზმის განვითარება, ვიზიტორების რაოდენობის გაზრდა და თუშეთის ეროვნულიპარკის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
"მზე მოე" ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიაზაცია – ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) მხარდაჭერით ჩატარდა.
ამავე თემაზე: