ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 67-ე შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. "საზღვრის აღმნიშვნელი" ბანერებით შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.
უწყების ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებების ფაქტებს.
"ცენტრალურ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად დაგმეს საოკუპაციო ძალების ქმედებები და აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეხვედრის მხარეებს მიაწოდეს.
ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია 28 ივნისს გაუჩინარებული ნიკა საღირაშვილის შესახებ, რომლის თაობაზეც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის "ცხელი ხაზი" რამდენჯერმე იყო გააქტიურებული. ქართულმა მხარემ მოითხოვა საოკუპაციო ზოლთან საოკუპაციო ძალების მიერ დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერის შესახებ ინფორმაცია და მიიღო დაპირება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებისგან, რომ უახლოეს დღეებში მონაცემებს მიაწვდიან.
წინა შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხარეებს ოკუპირებულ სოფელ ხეითის ტერიტორიაზე ბონდო გოჩაშვილის საფლავის დარბევის ფაქტზე ინფორმაცია მიაწოდეს. დღევანდელ შეხვედრაზე ოსურმა მხარემ დარბევის ფაქტი არ დაადასტურა. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გრძელდება წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით, რომელსაც აქვს მანდატი ცხინვალის რეგიონში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხი, რომელზეც მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება", _ აღნიშნულია უწყების განცხადებაში.