ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია სან-ფრანცისკოში გაიმართა, სადაც 22 ქართული, როგორც დიდი ღვინის მწარმოებელი კომპანიის, ასევე მცირე საოჯახო მარნების სხვადასხვა სტილის ღვინო იყო წარმოდგენილი.
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კოპანია "Tastingwork"-ის ორგანიზებული პიარ-კამპანიის "ივნისი – ქართული ღვინის თვე აშშ-ში“ ფარგლებში ღონისძიებები ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში გაიმართა.
"Tastingwork"-ის ხელმძღვანელის, ღვინის მაგისტრის, ლიზა გრანიკის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას აშშ-ში, ქართული ღვინის წარმოების უნიკალური მეთოდებისა და ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის.
"სან-ფრანცისკოში, ისევე როგორც ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, ქართული ღვინის დეგუსტაცია იყო საოცრად წარმატებული, სადაც უამრავი ხალხი შეიკრიბა. ღონისძიებებს ძალიან პოზოტიური გამოხმაურება ჰქონდა. სან-ფრანციკოში გამართულ დეგუსტაციაზე ღვინის პროფესიონალები სპეციალურად, აშშ-ს სხვადასხვა შტატებიდანაც ჩამოვიდნენ“ – აღნიშნა ლიზა გრანიკმა.
დეგუსტაციების პარალელურად იმართებოდა სემინარები ქართული ღვინის კულტურის შესახებ. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ როგორც უძველესი ტრადიციული ქართული, ისე თანამედროვე მეთოდებით დამზადებული ღვინოები.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი კონტრაქტორი კომპანიის “Marq Energie"-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ლოს-ანჟელესში გაიმართა.
აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ პოტენციურად მზარდ და მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარს. აშშ-ში აქტიური მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო არეალის გაფართოებას.
(R)