სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მის ყოვლადუწმიდესობას, ბართლომეოს პირველს, კონსტანტინეპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქს უსამძიმრებს.
"თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, დიდი მწუხარებით შევიტყვეთ ცნობა ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ მომხდარი ტრაგედიის შესახებ. ყველა შეძრა მომხდარმა, მათ შორის საქართველოს მოსახლეობაც. ტერორისტებს და ტერორიზმს არც ეროვნება და არც სარწმუნოება არ აქვს, იგი უსახოა. სამწუხაროდ, მსოფლიოში ტერაქტები გახშირდა და სათანადო პასუხი ამ გამოწვევებზე გაცემული არ არის. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს. აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის. ქრისტესმიერი სიყვარულით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", _ ნათქვამია უწმინდესის სამძიმრის ტექსტში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
ილია მეორე სამძიმრის წერილს უგზავნის თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც.
"თქვენო აღმატებულებავ, მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სხვა მრავალი დააზიანა. სამწუხაროა, რომ ასეთი საშიშროება ყველას წინაშე დგას და სახელმწიფოებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომ აღიკვეთონ ჩვენი დროის ეს უმძიმესი გამოწვევა. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს", _ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის ტექსტში.