25 ივნისს, ჩოხატაურში, "ივლიტას ბიბლიოთეკაში", გაიმართა შეხვედრა მოსახლეობასთან, რომელიც მიეძღვნა კიბოს პრევენციისა და კიბოს ადრეული გამოვლენის საკითხს.
პროექტს ახორციელებს ჩეხური "კარიტასი" და მისი პარტნიორი ორგანიზაცია _ სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი "თანადგომა" ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით.
პროექტის მიზანია კიბოსთან დაკავშირებული სტიგმის დაძლევა მოსახლეობის ინფორმირების გზით. შეხვედრაზე განხილული იყო კიბოს გამომწვევი რისკ-ფაქტორები, სწორი კვების და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა, ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებები და კიბოს სკრინინგის პროგრამები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია, არსებობს საქართველოში სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების სახით.
მოსახლეობასთან შეხვედრის პარალელურად, ამავე პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგები ჩოხატაურის სოფლის ექიმებისა და ექთნებისთვის. ტრენინგის მიზანია, შეახსენოს მედიცინის მუშაკებს "ონკოლოგიური სიფხიზლის" მნიშვნელობა და ხელი შეუწყოს მათ ჩართულობას კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის ღონისძიებებში.
იოსებ აბესაძე, ონკოპრევენციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი: "ჩვენი მიზანია ექიმების მომზადება, რათა პირველადი ჯანდაცვის დონეზე დაიწყოს პრევენციული აქტივობა, კიბოს ადრეულ სტადიაში გამოვლენა. პროექტი წარმატებით ხორციელდება გურიასა და სამეგრელოში. ჩვენს აქტივობებს თან დაერთო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ჩართულობა _ პროექტის ავტორებთან აქტიურად თანამშრომლობენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მაია პაიჭაძე და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით შარაშიძე. ისინი ძალიან გვიწყობენ ხელს, რომ კიბოს სკრინინგის პროგრამა ამუშავდეს ჩოხატაურში, რაც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მოსახლეობისთვის", _ თქვა "გურია ნიუსთან" საუბრისას იოსებ აბესაძემ.
აღნიშნული პროექტის მენეჯერი თამარ კურტანიძე "გურია ნიუსთან" პროექტის შესახებ საუბრობს: "მოსახლეობასთან კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის საკითხზე შეხვედრები ხორციელდება პროექტის _ "ცოდნის ამაღლება ონკოლოგიის საკითხებზე", ფარგლებში. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჩეხეთის განვითარების სააგენტო, ხოლო განმახორციელებლები არიან პროექტის ჩეხეთის რესპუბლიკის "კარიტასი", ონკოპრევენციის ცენტრი და სამეცნიერო ცენტრი "თანადგომა". პროექტის ფარგლებში, სოფლის ექიმებისა და ექთნებისთვის ამავე თემატიკაზე ორი დღის განმავლობაში ჩეხი ტრენერები საუბრობდნენ ონკოლოგიური დაავადებების შესახებ. ისინი გამოცდილებებს უზიარებდნენ ადგილობრივ ექიმებს, რადგან უმნიშვნელოვანესია მათი ჩართულობა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციასა და ადრეულ სტადიაზე გამოვლენაში".
შეხვედრის გამო დიდ კმაყოფილებას გამოთქვამენ მსმენელი ქალბატონები.
ნანა ჯაბაური: _ ძალიან პატარა ვიყავი, როცა დედა გარდამეცვალა კიბოთი. მეგონა, რომ ეს იყო სამყაროს დასასრული. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ამ დროის განმავლობაში არ ჩანდა გამოსავალი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დღეს ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს უფასო სკრინინგი, დაესწროს მსგავს შეხვედრებს. მადლობას ვუხდი შეხვედრის ორგანიზატორებს, ძალიან ნაყოფიერი იყო ეს დღე ჩემთვის.
ეთერ ჟღენტი: _ ძალიან კმაყოფილი ვარ, არაჩვეულებრივი შეხვედრა იყო, უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მოგვაწოდეს. დავრწმუნდით, რომ კიბო _ ეს არაა განაჩენი, თუ დროულად, ადრეულ ეტაპზე იქნება აღმოჩენილი. იმედია, აწი მაინც მივხედავთ საკუთარ თავს.
_ სიმართლე გითხრათ, როდესაც ამ შეხვედრაზე მოვდიოდი, ვფიქრობდი, რომ ეს იყო ერთი უქმად დაკარგული დღე, მაგრამ შევცდი _ ყველაფერი პირიქით მოხდა. განგაშის ზარი შემოჰკრეს ქალბატონებმა და გვასწავლეს, როგორ მივხედოთ საკუთარ თავს. მადლობა მათ, ყველა ორგანიზატორს და მადლობა "ივლიტას ბიბლიოთეკას", რომ ასეთ შესანიშნავ შეხვედრას უმასპინძლა, _ გვითხრა შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა.