დღეს საფრანგეთში მიმდინარე ევროპის პირველობაზე მეორე ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება. მასპინძელთა ეროვნული გუნდი მსოფლიოს ამჟამინდელ ჩემპიონს გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
რასაკვირველია ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ ფეხბურთის სპეციალისტები, გულშემატკივრები და თავად მოთამაშეები არაერთ პროგნოზს აკეთებენ.
რამდენიმე საათის წინ საკუთარი ვარაუდი იტალიელმა ფეხბურთელმა მარიო ბალოტელიმაც გამოთქვა. ამ მუქკანიანმა მოთამაშემ წინა წინა წელი "მილანის" რიგებში გაატარა. ის ინგლისური "ლივერპულის" კუთვნილებაა და ჯერ ცნობილი არ არის ახალ სეზონს რომელ კლუბში შეხვდება.
მარიო გამოცემას "Goal.com" ესაუბრა.
"ობიექტურად გერმანიის ეროვნული გუნდი სიძლიერით საფრანგეთის ნაკრებს აღემატება, მაგრამ ფრანგები მასპინძლები არიან და შინაური კედლებიც ეხმარებათ.
პოლ პოგბა ჩემი საუკეთესო მეგობარია და მსურს დღევანდელ შეხვედრაში წარმატებას მისმა გუნდმა მიაღწიოს. ერთ მატჩში ყველა გუნდს შეუძლია საკუთარ თავს გადაახტეს და ნებისმიერი ძლიერი მეტოქე დაამარცხოს. დარწმუნებული ვარ საფრანგეთის ნაკრები ამას შეძლებს.
გერმანიის გზიდან ჩამოცილების შემთხვევაში ფრანგები ფინალში იასპარეზებენ. იქ კი, პორტუგალიის ეროვნული გუნდისა და კრიშტიანო რონალდოს მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად უდავო ფავორიტები იქნებიან და ევროპის პირველობის გამარჯვებულის წოდებას აუცილებლად მოიპოვებენ". – განაცხადა მარიო ბალოტელიმ.
Goal.com