რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი დღეს გურიას სტუმრობს და სტიქიისგან შექმნილ პრობლემებს ადგილზე ეცნობა. მინისტრის ვიზიტი ლანჩხუთიდან დაიწყო, შემდეგ ოზურგეთის სოფლები დაათვალიერა და ბოლოს ჩოხატაურს ესტუმრა.
"გურია ნიუსის" თხოვნით ნოდარ ჯავახიშვილი გოგიბერიძის ქუჩაზე მცხოვრებ დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდა.
ადგილობრივებმა მინისტრის თანდასწრებით ჩოხატაურის გამგებელს უსაყვედურეს. მათი მტკიცებით, სახლების დატბორვის მიზეზი სანიაღვრე არხების არასრული გაკეთება იყო:
_ სულ ასორმოცდაათი მეტრზეა საუბარი. მცირე მონაკვეთი დატოვეს გაუკეთებელი და სწორედ ამან გამოიწვია პრობლემები. ამაზე სამი წელია ვსაუბრობთ, _ აღნიშნეს ადგილობრივებმა.
მათ ამ პრეტენზიას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ 150 მეტრის მოგვარება პრობლემას ვერ მოხსნიდა, რადგან წყალი მეორე მხრიდანაც გუბდება.
ოთარ გერსამიამ, რომლის სახლიც ყოველ წელს იტბორება, მინისტრს სთხოვა, რომ ამ საკითხს უფრო ყურადღებით მიუდგნენ.
ჯავახიშვილის თქმით ეს პრობლემა ნაჩქარევად არ გადაიჭრება:
_ ექსპერტებმა უნდა ნახონ აქ რა წყალი მოდის, სად იკრიბება და სად არის პრობლემის სათავე. არც შეეცადო პრობლემის ნაწილობრივ მოგვარებას, _ მიმართა ნოდარ ჯავახიშვილმა ირაკლი კუჭავას.
გამგებლის თქმით, გოგიბერიძის ქუჩაზე გაკეთებულმა სანიაღვრე არხებმა ბევრი ოჯახის პრობლემა მოხსნა, თუმცა, რამდენიმე ოჯახის პრობლემა ისევ აქტუალური და მძიმეა.
ჯავახიშვილის თქმით, მთავარია სწორი პროექტი გაკეთდეს:
_ ზეპირად თუ გავაკეთებთ ფულის გადაყრა გამოვა, _ აღნიშნა მინისტრმა და გამგებელს მოუწოდა, რომ ამ საკითხს ნაჩქარევად არ მიუდგეს და ყველაფერი სწორად გააკეთოს.
ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, მას შემდეგ რაც ზარალის ოდენობა დაზუსტდება, მთავრობას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის თანხის გამოყოფის თაობაზე მიმართავს.