ოზურგეთში ბათუმის ქუჩის პირველ შესახვევში მცხოვრები ზაზა მუჯირი პენსიონერ მოხუც დედ – მამასთან ერთად, როგორც თავად ამბობს, უკიდურესი სოციალური პრობლემების ფონზე ცხოვრობს.
ზაზა მუჯირი ამბობს, რომ გუშინდელმა სტიქიამ მის ოჯახსაც მიაყენა ზარალი:
"სტიქიამ ჩვენს ოჯახსაც მიაყენა ზარალი, უკვე მერამდენედ,უფალმა უწყის. დატბორილია პირველი სართული! ყოველი წვიმის დროს წყალში ვცურავთ და პატრონი არავინ არის. სახლის წინ გზა გადაგვითხარეს, გამოცვალეს წყლის მილები და დატოვეს ასე. პასუხს არავინ აგებს, ანტისანიტარიაა აქ, არც კანალიზაცია არ არის ცენტრალურ უბანში. რადგან ადმინისტრაციული შენობის უკანა მხარეა, ყურადღება არ უნდა მიაქციონ?
სამხარეო ადმინისტრაციის,ქალაქის მერიისა და რაიონული გამგეობის შენობის სახურავიდან წამოსული წყალი არხების გაუმართაობის გამო, პირდაპირ ჩვენს ეზოსა და სახლში შემოდის. აუტანელი მდგომარეობაა. არაერთხელ მივმართეთ ქალაქის ხელმძღვანელობას,მაგრამ არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია!
გასული წლის 28 სექტებრის გაზეთ ''გურია ნიუსში" გამოაქვეყნდა ამ და სხვა სოციალური პრობლემების შესახებ, რის შემდეგ გაგვიწიეს მხოლოდ ფულადი დახმარება. რაც შეეხება არხების გაუმართაობასა და წყლით დატბორვას, კიდევ ერთხელ მივმართავთ ქალაქის მერიას, მათი შენობის უკან ვცხოვრობთ და მათივე შენობიდან წამოსული წყალი გვაზარალებს!, დაგვაყენოს საშველი, მოაგვარონ პრობლემა.წინააღმდეგ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში! არჩევნების წინ მაინც გაგახსენდეთ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ და თქვენსავით ცხოვრების ნორმალური პირობები გვინდა!!!
სირცხვილია, სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქის მერიის, რაიონული გამგეობის, ქალაქისა და რაიონული საკრებულოების ადმინისტრაციული შენობის უკან ასე მოუწესრიგებელი იყოს მათივე ტერიტორია და უწესრიგობის გამო კი, ჩვენ დაზარალებული როდემდე ვიყოთ?!"_ამბობს მუჯირი და ხელისუფლებას მიმართავს :
"გადაეცით ადგილობრივ მთავრობასა და ნოდარ ჯავახიშვილს, რაღა შორს მიდიან, კეთილი ინებონ გამოვიდნენ თავიანთი ადმინისტრაციული შენობის უკან, ორიოდე ნაბიჯზე ვცხოვრობთ და გაეცნონ ჩვენი ოჯახის მძიმე მდგომარეობას! მათი ე.წ. პიარკამპანია სულ არ გვაინტერესებს! ამოვიდა ყელში ამდენი ტყუილი და თვალებში ნაცრის შეყრა! ყოველი წვიმის დროს ვენეციური ცხოვრებით ვცხოვრობთ!!! "
ქალაქ ოზურგეთის მერიაში აღნიშნავენ, რომ არსებული პრობლემა არხების გაუწმენდაობამ გამოიწვია. არხების გაწმენდა კი მიმდინარე წელს იგეგმება.