უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, საქართველოში მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიას განუცხადა.
მისი განმარტებით, მას ამ დროისთვის ორმაგი – საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეობა აქვს, რის შესაძლებლობასაც მას უკრაინის კანონმდებლობა ანიჭებს – უცხოელს, ვინც სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, თავისი ქვეყნის მოქალაქეობას ორი წლის განმავლობაში უნარჩუნებს.
რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ საქართველოში დაიწყო ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესი – მოვიდა შესაბამისი ნოტიფიკაცია. საქართველოს კანონმდებლობით, ადამიანი, რომელიც უცხოეთის პოლიციაში მუშაობს, საქართველოს მოქალაქე ვერ იქნება. ვნახოთ, როგორი იქნება არგუმენტაცია. გადაწყვეტილება ჯერ არ არის“, – განაცხადა დეკანოიძემ.
იუსტიციის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, მიმდინარეობს თუ არა ხატია დეკანოიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცესი, რადაგან უწყების განმარტებით, ”მოქალაქეობის საკითხი პირად ინფორმაციას განეკუთვნება”.
იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ ადამიანმა მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, მას საქართველოს მოქალაქეობა უწყდება.
”თუ ადამიანმა მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა, თუ მას სურს, რომ შემდეგ კიდევ იყოს საქართველოს მოქალაქე, ამაზე მან უნდა დაწეროს, რომ არის სხვა ქვეყნის მოქალაქე და ითხოვს, საქართველოს მოქალაქეობას”, – განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში, თუმცა კონკრეტულად ხატია დეკანოიძის მიმართ მიმდინარეობს თუ არა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები, უწყებაში არ ასახელებენ და აცხადებენ, რომ ეს პირადი ინფორმაციაა.