თბილისში სექტემბრიდან ახალი, ლურჯი ფერის ავტობუსები ივლის. შესაბამის ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "Man Truck and Bus AG"-სთან ხელი დღეს მოეწერა.
ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 7 თვისა თბილისის ავტოპარკი ჯამში, ეტაპობრივად 143 ერთეული ავტობუსით განახლდება. ევროსტანდარტების შესაბამისი ავტობუსები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილი იქნება CNG საწვავზე (ბუნებრივი აირი) მომუშავე ძრავებით, რაც დიზელთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს, შემცირებულია ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი.
"დედაქალაქის მერიამ თბილისის ავტობუსების პარკის შესწავლა გასულ წელს დაიწყო, რის შედეგადაც დღის წესრიგში დადგა ავტოპარკის განახლების საჭიროება. შესაბამისად, დაიწყო აქტიური კომუნიკაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, EBRD-ის დახმარებით ჩატარდა წინასწარი კვლევა, რომელმაც აღწერა თბილისის ავტობუსების პარკში არსებული მდგომარეობა და ასევე, პარკის განახლების შესაძლებლობები, რის შემდეგაც გამოცხადდა ტენდერი. სატენდერო დოკუმენტაცია 30-მდე კომპანიამ წარმოადგინა, ტენდერში კი ინტერესი 7-მა კომპანიამ გამოხატა, რის შემდეგაც ეკოლოგიურობის, ეკონომიურობისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით საუკეთესო შეირჩა. სატენდერო პირობებში აქცენტი გაკეთდა ხარისხსა და გამოცდილებაზე. შერჩევა-შეფასება EBRD-ის საერთაშორისო წესების შესაბამისად განხორციელდა. ევროსტანდარტების შესაბამისი, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსები ივლის ქალაქის მასშტაბით არსებულ გრძელ დისტანციებსა და ფართო გამტარუნარიანობის ქუჩებზე. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიას ავტობუსების პარკის განახლების 4 წლიანი გეგმა გააჩნია და აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება", _აცხადებენ თბილისის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შესახებ "გურია ნიუსი" ადრეც წერდა. ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში – 37-მილიონიანი ტენდერი კითხვის ნიშნის ქვეშ – იხდის თუ არა თბილისის მერია 11 მილიონით მეტს აღნიშნულია, რომ ტენდერში სულ 7 კომპანია მონაწილეობდა – 3 ჩინური, 3 ევროპული და ერთი უკრაინული კომპანია.
ერთ-ერთი მონაწილე, ჩინური კომპანიის ჩინური კომპანიის HIGER-ის წარმომადგენლობამ საქართველოში სს "ორიონმა" ტენდერის გამჭვირვალობა ეჭვქვეშ დააყენა და აცხადებდა, რომ ტენდერის გამოცხადებისთანავე ცნობილი იყო, თუ რომელ კომპანიას უნდა გაემარჯვა.
როგორც "გურია ნიუსს" HIGER-ის წარმომადგენელმა საქართველოში, ავთანდილ საყვარელიძემ განუცხადა, თბილისის მერია აპირებს ერთი და იგივე ხარისხის, მონაცემისა და მახასიათებლების ავტობუსის პაკეტში 11 მილიონი ევროთი მეტი გადაიხადოს.
საყვარელიძე მაშინ კონკრეტულ კომპანიასაც ასახელებდა, თუ ვინ გაიმარჯვებდა ტენდერში. მისი თქმით, "ეს იქნება "ნაციონალების" ფირმა "თეგეტა მოტორსი", რომელიც მიაწვდის MAN-ის ტიპის ავტობუსებსთბილისის მერიას, მაღალ ფასად. ეს დავალება ოდესაში გაიცა, დაახლოებით, 3-4 თვის წინ."თეგეტა მოტორისის" ხელმძღვანელი თემურ კოხოძე "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტისწევრი გახლდათ და დღემდე ერთ-ერთი ლიდერია".
საყვარელიძის ბრალდებებს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ტენდერი EBRD-ის პროცედურებით ხორციელდება და აბსოლუტურად გამჭვირვალეა.
ამავე თემაზე:
37-მილიონიანი ტენდერი კითხვის ნიშნის ქვეშ – იხდის თუ არა თბილისის მერია 11 მილიონით მეტს
თბილისის ავტობუსების ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამშაბათს დასახელდება