მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში, პირველსავე დღეებში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრმა ადგილზე მიიღო ინფორმაცია აღდგენითი სამუშაოების შესახებ და შესაბამის სამსახურებს დავალებები მისცა.
პრემიერის დავალებით, დასავლეთ საქართველოს სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, რომლებიც აღდგენით სამუშაოებს კოორდინაციას უწევდნენ. სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მოკლე ვადებში ლიკვიდაციის მიზნით, მთავრობა კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე გზის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. ადგილზე მუშაობს 8 ერთეული ტექნიკა, კერძოდ, 5 ექსკავატორი, 1 ბულდოზერი, 2 თვითმცლელი. სოფელ სულორში იმყოფებიან სამინისტროს სამშენებლო კომპანიის წამომადგენლები და საავტომობილო გზების ტექნიკური ზედამხედველობის და მონიტორინგის სამმართველოს გზების ტექნიკური მონიტორინგის უფროსი ვალერიან მარიამიძე.
დასავლეთ საქართველოში, კერძოდ გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში მუშაობას განაგრძობს გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტის ოთხი ჯგუფი. ამჟამად, გეოლოგიური სამუშაოები ხორციელდება გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, სპეციალისტები მდგომარეობას ადგილზე აფასებენ და გასცემენ რეკომენდაციებს დამცავი ღონისძიებების გასატარებლად. სტიქიის ზონაში ასევე იმყოფებოდნენ ჰიდროლოგები. სპეციალისტების რეკომენდაციებით განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სავარგულების დატბორვისა და დამატებითი ზიანის მიღების საფრთხე არ არსებობს.
სტიქიის ზონაში მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია". კომპანიის სპეციალური ტექნიკა ჩოხატაურის, სენაკისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მდინარის კალაპოტში დაბრუნების სამუშაოებს ახორციელებს, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტში, ჩართულია შიდა საავტომობილო გზების აღდგენით სამუშაოებში.
"სტიქიის შედეგების მოკლე ვადებში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ჩატარდა ჩამორეცხილი გზების გაწმენდითი სამუშაოები და გაიწმინდა სანიაღვრე არხები; ზარალის დამთვლელმა კომისიამ შეადგინა შესაბამისი აქტები და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობით მიმართა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელებში, დაზიანებული შიდა გზების რეაბილიტაციისთვის, შეტანილია ინერტული მასალა, 2 ხიდისა და 1 სახიდე გადასასვლელის აღდგენასთან დაკავშირებით, შესაბამისი წერილი გაგზავნილია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
სოფელ თამაკონში, დღის ბოლომდე, დროებითი ხიდი აშენდება. სოფელ აბედათში მიმდინარეობს შემოვლითი გზის დაგრეიდერებისა და მოხრეშვითი სამუშაოები. სოფელ ნაგვაზაოში წაქცეული ელექტროენერგიის ბოძები აღდგენილია და მოსახლეობას ელექტროენერგია მიეწოდება. ზარალის დამდგენი კომისიის მუშაობას წვიმა აფერხებს.
უკვე დათვლილია ზარალი სენაკისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში. სოფელ ნაკრაში, სადაც ადიდებულმა მდინარემ 2 ხიდი წაიღო, დროებითი გადასასვლელი გაკეთდა. მულახში, გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის ტექნიკა. ნაკრის ტერიტორიულ ერთეულში, ღვარცოფმა მდინარის ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც დაზიანდა სოფელ ნაკრაში მისასვლელი ცენტრალური სამანქანო გზის ნაწილი და ხიდი. განადგურებულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯებირები და არსებობს ხიდის წაღების საშიშროება.
ადგილზე მუშაობს და მდინარის კალაპოტში მოქცევის სამუშაოებს ასრულებს „ნენსკრა-ჰესის" პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის კუთვნილი სპეციალური ტექნიკა.
სამუშაოებს კოორდინაციას უწევენ ადგილობრივი ხელისუფელბის წარმომადგენლები.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში – მამათი, ჩოჩხათი, აცანა, ნინოშვილი, აკეთი, ჩამოწოლილმა მეწყერმა შიდა სასოფლო გზები ჩაკეტა. ამ დროისთვის, სოფელ აკეთში გზა გაწმენდილია, ხოლო დანარჩენ სოფლებში გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მუშაობს 6 ერთეული ტექნიკა.
ჩოხატაურში, დაზიანებული საავტომობილო გზების მოსაწესრიგებლად, მძიმე ტექნიკა მუშაობს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მეწყერი ჩამოწვა გომის მთაზე, სადაც ამ წუთებშიც 3 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. სრულად გაიწმინდა გზა სოფელ გურიანთაში, ალტერნატიული გზა გაკეთდა მამათში, ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დღის ბოლომდე დაადგენს. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს, უშუალოდ უწევენ კოორდინაციას რეგიონის გუბერნატორი, მისი მოადგილეები და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.
დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება იმერეთის რეგიონში. ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, მუშაობს მძიმე ტექნიკა. იწმინდება სოფლებთან – როხი, ზედა დიმი, წაბლარასხევი, წყალთაშუა, მისასვლელი გზები. ხვალ სამუშაოები განხორციელდება სოფელ ზეკარის მიმართულებით.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სადაც სტიქიის შედეგად დაზიანდა გზები, საყრდენი კედლები, ქალაქის ღვარსადენი სისტემა და შიდა სასოფლო გზები, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლების – მთისძირი, დაბლაგომის მიმართულებით, გეგმის მიხედვით, ხვალიდან სამუშაოები განახლდება ნიგორზღვა, ტოლების მიმართულებით. გზები იწმინდება ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მათხოჯი და საწულუკიძეო, ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, სადაც ხიდი უკვე აღდგენილია. სოფელ რიონში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და ღვარსადენების გაწმენდა იწყება. ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.
ჩამორეცხილი გზების გაწმენდითი სამუშაოები, სანიაღვრე არხების ამოწმენდა, გზების გამაგრება, გაბიონების მოწყობა და ხიდების აღდგენა მიმდინარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ბათუმში, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მობილიზებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, აჭარის ავტონომიური რეასპუბლიკის მთავრობა, საქვეუწყებო დაწესებულებები – საგზაო დეპარტამენტი და გეოლოგიური სამსახური, საგანგებო რეჟიმში მუშაობდა ადგილობრივი ხელისუფლება. ბათუმში უწყვეტ რეჟიმში ხორციელდებოდა დატბორილი ტერიტორიებიდან წყლის ამოტუმბვა. იწმინდებოდა სანიაღვრე არხები. ქალაქში მიმდინარე სამუშაოებში ჩართული იყო მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.
შუახევში, დაზარალდა და სახელმწიფო სასწრაფო დახმარების პროგრამაში ჩაერთვება 3 ოჯახი. აღდგენილია შემოვლითი გზები. მეწყერი ჩამოწვა ორ სოფელში, დაზიანდა წყლის სათავე და სარწყავი ნაგებობები და წყალმომარაგების სისტემა. ამ დროისთვის მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება, მიმდინარეობს 24-საათიანი წყალმომარაგების აღდგენითი სამუშაოები. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო შტაბი, ასევე, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი – 08-000-000-08. იწმინდება გორგივლი – დღვანის გზა, დაიწყო წყალსადენის აღდგენითი სამუშაოები.
ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ თხილვანაში, სადაც ადიდებულმა მდინარემ მილოვანი სახიდე გადასასვლელი დააზიანა, მოძრაობა უკვე აღდგენილია. დიდაჭარის მთისგზაზე მიმდინარეობს წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენა.
ხელვაჩაურში, დაზიანებულია გზები და საკარმიდამო ნაკვეთები, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ითვლება ზარალი.
დაზიანებული გზები იწმინდება ქობულეთშიც. მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გეოლოგიური შესწავლა. დაზარალებული 7-მდე ოჯახის ქირით უზრუნველყოფის შესახებ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა იმსჯელებს. ქალაქში მუშაობს შესაბამისი ტექნიკა, გაწმენდილია ყველა წყალსადენი, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება შეუფერხებლად ხორციელდება. ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს." _ აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.