"ცენტრ პოინტის" ყოფილი გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი რჩეულიშვილების ოჯახს წერილით მიმართავს.
"მაია, ნიკა, დარსო. ძალიან დიდ გაუგებრობაში მოვყევი. კარგად იცით, რომ არანაირი წვლილი არ მიმიძღვის არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილებებში და ვიყავი მხოლოდ ფორმალურად ამ პოზიციაზე. ასევე გაუგებარია, რატომ ვიყავი გაფორმებული ამ პოზიციაზე 2006 წლის ჩათვლით. ვინაიდან, კარგად მახსოვს, რომ ბევრად ადრე მაქვს განცხადება დაწერილი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ფაქსიმილიით და მინდობილობით ვინმე ბოროტად ისარგებლებდა და ამ მდგომარეობამდე მიმიყვანდა. ამიტომ სასწრაფოდ მიიღეთ ყველა ზომა იმისთვის, რომ აქაურობას დავაღწიო თავი რაც შეიძლება მალე – დღეს, ხვალ".– ნათქვამია სალომე ჩარკვიანის წერილში.
პროკურატურა "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს, გუკა რჩეულიშვილს, "ცენტრ პოინტ აჭარის" დირექტორს, ირაკლი მინდელს და გაყიდვების მენეჯერს, სალომე ჩარკვიანს ბრალი გუშინ წაუყენა.
საგამოძიებო ორგანო მათ ბათუმში "ცენტრ პოინტის" მიერ დაგეგმილი "თეთრი მაგნოლიას" მშენებლობის პროცესში, მენაშენეთა კუთვნილი, 20 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავება. ამ ეტაპზე დაკავებულები არიან ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი, ხოლო გურამ რჩეულიშვილს პროკურატურა ეძებს.
ამავე თემაზე: მაია რჩეულიშვილმა გაფლანგა 19 მილიონი ლარი – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს