თბილისის საქალაქო სასამართლო სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
"გურია ნიუსი" სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"2016 წლის 12 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულების მაია რ.-ს, სალომე ჩ.-ს, გურამ რ.-ს და ირაკლი მ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ დაპატიმრების გამოყენების თაობაზე.
წარდგენილი ბრალის თანახმად, მაია რ.-სა და სალომე ჩ.-ს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვა, გურამ რ.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება, ხოლო ირაკლი მ.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვა.
საქმე ეხება, "ცენტრ პოინტი ჯგუფის" ფილიალის, შპს "ცენტრ პოინტი აჭარას’’ საქმიანობას, კერძოდ კი ქ.ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსის "თეთრი მაგნოლიის" მენაშენეების კუთვნილი თანხების – 19740845 ლარის არამიზნობრივად გაფლანგვისა და 1657959,39 ლარის მითვისების ფაქტს.
სასამართლომ, განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ ბრალდებულების მიმართ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. კერძოდ, სალომე ჩ.-სა და მაია რ.-ს ბრალად ედებათ 3 756 017,41 ლარის გაფლანგვა, ხოლო ბრალდებულ ირაკლი მ.-ს ერთ ეპიზოდში მაია რ.-სთან ერთად 15984828,9 ლარის გაფლანგვა, ხოლო მეორე ეპიზოდში გურამ რ.-სთან ერთად 1657959,39 ლარის მითვისება. ბრალდებულ გურამ რ.-ს, ბრალი ედება ირაკლი მ.-სთან ერთად 1657959,39 ლარის მითვისებაში, ბრალდებულ მაია რ-ს კი ირაკლი მ.-სთან და სალომე ჩ.-თან ერთად 19 740 845 ლარის გაფლანგვაში. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით. საქმის მასალების მიხედვით არსებობს ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის დაზარალებულებზე და მოწმეებზე ზემოქმედების და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების რეალური საფრთხე. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას ასევე მხედველობაში მიიღო თითოეული ბრალდებულის სავარაუდო ქმედებით გამოწვეული ზიანის ძალიან დიდი ოდენობა, დაზარალებულ პირთა სიმრავლე და ხანგრძლივი დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც საქმის მასალების მიხედვით არ მომხდრა დაზარალებულთა მოთხოვნის დაკმაყოფილება.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 1 სექტემბერს 12:00 საათზე გაიმართება", _ აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
ამავე თემაზე:
მაია რჩეულიშვილმა გაფლანგა 19 მილიონი ლარი – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
მაია რჩეულიშვილი თანამშრომლების დაკავებას არჩილ კბილაშვილის ინტერესებს უკავშირებს